“ნაციონალური მოძრაობა” ლევან ხაბეიშვილის ცემაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის თავმჯდომარის, ს ცემაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯას უკვე მეოთხე დღეა მოითხოვენ.
„უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან და დღემდე არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული“, – „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ს ჯალათები“ და უნდა გასაჯაროვდეს არსებული ვიდეომასალები, რომლებიც კონკრეტული პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.
„სასწრაფოდ ყველა ეს ადამიანი იყოს გამომზეურებული და დაკითხული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ძალადობა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხდება.
„ძალდატანებით მოყვანილი ხალხის წინაშე, რუსთაველზე, [ბიძინა ივანიშვილმა – რ.თ.] დააანონსა რეპრესიები, დააანონსა რეპრესიები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ არის, რომ ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდებიან ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს, უმოწყალოდ სცემენ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად იცავენ საკუთარ მომავალს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ლევან ხაბეიშვილის ცემის ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პირებს სდებს ბრალს და მათ შორის არის – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, ზედმეტსახელად „ხარება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს 30 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სცემეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ინგოროყვას კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
შს სამინისტროს განცხადებით, ხაბეიშვილი პოლიციელებს უპირისპირდებოდა.
„[ლევან ხაბეიშვილი] პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება… აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას“, – განაცხადა 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
მომხდარის დეტალები ლევან ხაბეიშვილმა 1 მაისს, პარლამენტის სხდომაზე გაიხსენა, სადაც ის მეგობრების დახმარებით მივიდა.
„ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები აქციაზე, რაც პირდაპირ ეთერში იყო. ცხადია, როგორც კი დავინახე, რომ ბავშვი შეჰყავდათ, ამ ბავშვისკენ გავემართე, რომ იქნებ არ წაეყვანათ, იქნებ ასე არ მოქცეოდნენ. ამის შემდეგ, როცა უკვე სპეცრაზმის, „ხარებას“ დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, სხვათა შორის, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ.
მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ, თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ – „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. ამბობდნენ – „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ „ჩმორი“ ვარ და აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.