“სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, რომ ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის, ომზეც შეუძლიათ სპეკულირება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციისთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს და ვხედავთ ჩვენ, რომ სინამდვილეში ეს მათთვის არის ჩვეულებრივი რიცხვები. როგორც მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა. ეს მათთვის მხოლოდ რიცხვებია, მეტი არაფერი. არანაირი განცდები და თანაგანცდა ამ დღეების მიმართ არ აქვთ. სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, რომ ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის, ომზეც შეუძლიათ სპეკულირება. გუშინ ვნახეთ, რომ აქ იყვნენ ამოსულები და დაუსვით თქვენს თავს კითხვები, მათ დაუსვან საკუთარ თავს კითხვები, აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ რომელ დღეს ამოვიდნენ? დღეს რომ ჭირისუფლები აქ არიან და ისინი აქ არ არიან ამოსულები, არ ფიქრობენ ამაზე? ეს არის ზუსტად თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.