,,ნაციონალები” ,,ქართულ ოცნებაში” – ლევან ლორთქიფანიძის სია

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,უცნაური კადრები ვნახე, ბ-ნი ყაველაშვილი გამოდიოდა ტელევიზიით და ყველას, ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს ვიცავთ და ვეწინაადეგებით ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების ცინიკურ, ძალადობრივ მცდელობებს, ნაციონალებს გვიწოდებს.
ბ-ნო მიხეილ, სანამ ამდენის უფლებას მისცემდით საკუთარ თავს, ეგებ სტუდიისთვის შეგევლოთ თვალი. შეამჩნევდით ქალს, რომელიც სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი fake პარტიის მოწინავე წევრი იყო და ყველაზე მძიმე მომენტებში ბუტაფორიის როლს ასრულებდა სისხლიანი რეჟიმის შესანიღბად.
ბ-ნო მიხეილ, სანამ ნაციონალების ძებნას დაიწყებდეთ მრავალათასიან მიტინგზე, იქნებ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც შეგევლოთ თვალი.
თქვენი თანამებრძოლები არიან ციხის ბუნტის დარბევის დროს მინისტრ ადეიშვილის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის 2012 წლის კამპანიის ლიდერი თბილისის უმთავრეს უბანში… თქვენი ერთ-ერთი თანაგუნდელის ოჯახი 2012 წლამდე ამაყობდა, რომ სააკაშვილის ახალმოსახლეობის სუფრაზე თამადა დანიშნა))) მაჟორიტარებს ჩამოვუყვე? რამდენი მათგანი იყო ენმ-ს საცეცი თავის რაიონში? ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ბენდუქიძის მარჯვენა ხელისთვის გაქვთ ჩაბარებული, ენმ-ის ეკონომიკურო პოლიტიკის მთავარი სიმბოლოსთვის.
კიდევ გავაგრძელო ??? სია გრძელია. იქნებ თქვენს იმ კოლეგებზე ვისაუბროთ, ქვეყნისთვის ყველა კრიტიკულ მომენტში ჩუმად რომ იყვნენ, არსად რომ არ ჩანდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებში თბილად რომ გრძნობდნენ თავს…
ჩვენ (მგონი, ცოტანი არ უნდა ვიყოთ) კიდევ არც ადრე ვუჭერდით მხარს ენმ-ის, არც ამ არჩევნებზე ვაპირებთ ენმ-ისა და მისი ანასხლეტებისთვის ხმის მიცემას… მეტიც, მათი პოლიტიკური იდეები ჩვენთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც თქვენი!
ჩვენ, პროპაგანდისტული მედიების საშუალებით არ ვადევნებთ თვალს მიტინგებს, იქ ვართ და ვხედავთ, რომ დემონსტრაციებს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მართავს.
ჩვენ ადრეც მტკიცედ გვწამდა და ვიბრძოდით დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ახლაც იმავე აზრზე ვრჩებით. ეს თქვენთვის არის ცარიელი, გამოშიგნული ცნებები დემოკრატიაც და ევროპაც, როცა გჭირდებოდათ იყენებდით, როცა თქვენს ძალაუფლებას პრობლემა შეექმნა, ბოროტებად გამოაცხადეთ.
დასრულდა თქვენი ბედნიერების ეპოქა, როდესაც ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ენმ იყო. დადგა დრო, როდესაც თქვენს წინააღმდეგ არის განწყობილი ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელსაც ვერც სიღარიბემ და ვერც პროპაგანდამ, ვერც ეგოიზმმა და ვერც რეპრესიების შიშმა ვერაფერი დააკლო … მათი არდი კი ახალგაზრდობაა, რომელიც სხვა ქვეყანაში არ გახიზნულა და თქვენი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით ამ ქვეყანაში აპირებს ცხოვრებას.”