სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ერთი რამე უნდა გაითავისოს და კარგად შეიგნოს ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, რიგითმა წევრმა, ლიბერალმა, ცენტრისტმა, კონსერვატორმა თუ მემარცხენემ.
„ქართული ოცნების“ სისტემისა და პროპაგანდის პირობებში, ყველა, აბსოლუტურად ყველა რეალური პოლიტიკური აქტორი გამოცხადდება „ნაცმოძრაობად“ და ლიბერალად.
მხოლოდ ის არ იქნება „ნაცი“, ვინც პირადად „ოცნებას“ მოსწონს და ვინც მათ თამაშს თამაშობს, მაგალითად, როგორიც არის „ხალხის ძალა“ ანუ ე.წ. ჯიბის ოპოზიცია.
შესაბამისად, როლების ხელოვნურად მორგება, თავის მართლება და პროპაგანდის მიმართ ასეთი მოწყვლადობა (შიში, „ვაიმე, ნაცია, ლიბერალი არ დამიძახონ“), სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სიბეცე და ლაჩრობა.
ზუსტად ასევე, როგორც „ნაცმოძრაობად“ ნათლავენ ყველას, ვისაც ბიძინა არ მოსწონს, ისე ნებისმიერი მეორე ადამიანი „ოცნების“ პროპაგანდისთვის იქნება „ლიბერალი“ (უფრო სწორად, თუ მათი ტერმინოლოგიით ვიტყვით ე.წ. „ლიბერასტი“). ხომ ნათელია, რომ სისტემამ მიზანმიმართულად გააუფასურა და დაამახინჯა ეს ტერმინი საზოგადოებაში.
ამ ანკესზე ბევრი მოუმზადებელი მოქალაქე წამოეგება ხოლმე, მაგრამ ამაზე უარესია, როცა თავად ოპოზიციური აქტორი არის მოწყვლადი, ამ ნარატივისა. როდესაც შენ იდეოლოგიურად მართლა ლიბერალი ხარ და შეტევის შიშით უცებ თავს „ტრადიციონალისტ-კონსერვატორად“ ასაღებ, მანდ უკვე შენი პოლიტიკური მედეგობაც და გულწრფელობაც ბოლომდე განადგურებულია. ხალხი სიყალბეს გრძნობს. უნდა იპოზიციონირო იმად, რაც სინამდვილეში ხარ მაგალითად, ადამიანის უფლებების, თავისუფლების და კანონის უზენაესობის დამცველად (ნამდვილ ლიბერალად) და სწორედ ამ ღირსეული პერსპექტივიდან უნდა დაანახო ხალხს „ოცნების“ სიცრუე.
ბოლოს ყველა ის ოპოზიციონერი თუ აქტივისტი, ვინც დღეს ერთმანეთს პიროვნულ შეურაცხყოფებს აყენებს, ეგოების ომშია ჩართული და ერთმანეთს უმიზეზოდ „ნაც-ქოც-კრემლის აგენტს“ ეძახის პირდაპირ გადააყოლებთ ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს. იმის მაგივრად, რომ გამოსავალზე და საერთო სტრატეგიაზე იფიქროთ, მთელი ოპოზიციური მოძრაობა ენერგიას შიდა ლანძღვაზე ხარჯავთ.
და როცა ერთმანეთს პიროვნულ შეურაცხოფას აყენებთ და საერთო პოლიტიკურ ხედვას ვერ აყალიბებთ, იცოდეთ, პირდაპირ „ოცნების“ წისქვილზე ასხამთ წყალს და ამ ვიდეოში გაჟღერებულ ნარატივს კვებავთ.
და თუ ასე გააგრძელებთ, 30-40 წელიწადში, მთლიანად ეს პროცესები სიბეცედ იქნება მოხსენიებული და არა გმირულ აქტად.




