ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი პრეზიდენტის მიერ ორი რუსული ნავთობკომპანიის და მათი შვილობილი კომპანიების მიმართ ახალი, ფართომასშტაბიანი სანქციების გამოცხადება იყო.
„მან გამოაცხადა და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო, მნიშვნელოვანი სანქციები ორი რუსული ნავთობკომპანიის და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. ვფიქრობ, კარგი ამბავი ის არის, რომ ამავდროულად, ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა და ნატო-მაც გამოაცხადეს სანქციების კიდევ ერთი რაუნდი. ასე რომ, პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა უიტაკერმა Newsmax-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ტრამპის გადაწყვეტილებას, დაასრულოს უაზრო და სასტიკი კონფლიქტი უკრაინაში.
„მე თეთრ სახლში ვიყავი ამ შეხვედრისთვის, განიხილეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მაგრამ საუბარი ძირითადად ეხებოდა პრეზიდენტ ტრამპის მუდმივ სურვილს, დაასრულოს ეს უაზრო ომი. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იღუპება ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ყოველ კვირას“, – განაცხადა ელჩმა.
უიტაკერმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ყურადღება გადატანილია მოსკოვსა და კიევზე ზეწოლისკენ, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
„ეს სასტიკი სანგრული ომია, რომელშიც არავინ იმარჯვებს. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს გამონახოს გზები, რათა გააგრძელოს ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე, გააგრძელოს ზეწოლა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვოლოდიმირ ზელენსკისზე და ასევე მოძებნოს ახალი გზები ზეწოლის გასაგრძელებლად, რათა ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დააკავშიროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, დაასრულოს ომი და დაასრულოს მკვლელობები“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უფრო და უფრო კარგავს მოთმინებას პუტინის მიერ დეესკალაციაზე უარის თქმის გამო.
„მას ყველა კარტი უჭირავს და, საბოლოო ჯამში, ის ამ კარტებს ისე ითამაშებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის იმისთვის, რომ გააგრძელოს გარემოებების შექმნა, რათა ვლადიმერ პუტინი მაგიდასთან შეინარჩუნოს, მოლაპარაკების გამართვაში დაარწმუნოს, ეს ომი მოაგვაროს, რადგან მკვლელობები უნდა შეწყდეს. პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებულია, სრულიად გულწრფელად რომ ვთქვა, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, – აღნიშნა ელჩმა.
უიტეკერის თქმით, რუსეთის პროგრესი ბრძოლის ველზე ბოლო 10 თვის განმავლობაში მინიმალური იყო.
„ის არანაირ სტრატეგიულ წარმატებას არ აღწევს. უბრალოდ აგრძელებს ფრონტის ხაზზე მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის ხელშეწყობას რეალური შედეგების მიღწევის გარეშე“, – აღნიშნა ელჩმა.




