ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სამეგრელოში მოლდოვის მოქალაქე დააკავეს – შსს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ, ნარკოდანაშაულის საქმეზე 40 წლის კაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მოლდოვის მოქალაქეა.
დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.
“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.