ნანუკა ჟორჟოლიანმა, საჯარო ლინჩი მომიწყო – ბაია პატარაია კი, რომელიც სხვების დაცვას იბრალებს, თავად უწყობს ხელს ქალების მიმართ სიძულვილს – მაგდალინა თოდუა
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მაგდალინა თოდუა, რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში საჯარო ბულინგისა და ცილისწამების მსხვერპლია, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც როსტომ ზარანდიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. თოდუას თქმით, საჯარო ბულინგსა და ცილისწამებაში ასევე მონაწილეობდნენ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი და ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია.
„მოგესალმებით ყველას, მე ვარ მაგდალინა თოდუა, ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, პედაგოგი, დედა და უბრალოდ საქართველოს მოქალაქე. ეს პოსტი არ არის იმის შესახებ, რომ ვინმეს წინააღმდეგ შავი კამპანია ან სოცქსელში კოლექტიური სასამართლო გავაჩაღო. უბრალოდ, მინდა გიამბოთ რეალურად რა მოხდა და რატომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე. აქტივისტი როსტომ ზარანდია, ბოლო თვეებია სოციალურ ქსელში მაკრიტიკებდა, ეს თავისი გამოხატვა მხოლოდ კრიტიკაში კი არა, არამედ საჯარო შეურაცხყოფაში გადადიოდა. მას არაერთხელ უწოდებია ჩემთვის „ტვენგე“, „ფოჩო“ და დამამცირებელი ეპითეტები – კომენტარებში, საჯარო პოსტებში. თავიდან ვცდილობდი არ მეპასუხა.
ვგრძნობდი, რომ ვიღაცისთვის ჩემი პოზიცია, სამუშაო, ან უბრალოდ მიუღებელი იყო და ეს მისი უფლებაა, მაგრამ ბულინგმა გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა მიიღო. – და სწორედ, აი ამიტომ მივმართე სასამართლოს. არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ როცა პირადი შეურაცხყოფა ყოველდღიური გახდა, მივიღე გადაწყვეტილება, დამეცვა საკუთარი ღირსება – იმავე სამართლებრივი გზით, რომელიც ყველასთვის არსებობს. სასამართლოში წავიღე რამდენიმე მტკიცებულება – პოსტები, კომენტარები. იქვე განვაცხადე, რომ ჩემთვის მთავარია ის შეწყდეს და ადამიანები მიხვდნენ, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაც შეიძლება რეალურ ზიანად იქცეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივისა და ღირსების შელახვას. როსტომ ზარანდიას მიესაჯა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მე უბრალოდ მოვითხოვე ჩემი უფლების დაცვა. ვისურვებდი, გონს მოეგოს ყველა ვინც, სხვის შეურაცხყოფას „ბრძოლას“ ეძახის. სამწუხაროდ, როცა სიმართლეს არ ლაპარაკობ – სხვები იწყებენ მის შეთხზვას. გუშინვე გავრცელდა სპეკულაცია, თითქოს მე „მეგობარი ჩავსვი ციხეში“. ეს აბსოლუტურად მცდარი, დამახინჯებული ინტერპრეტაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. რაც, სამწუხაროდ, გარკვეულ ადამიანებს გამოუვიდათ კიდეც. ასე მაგალითად, „სიმართლის მოყვარულმა“ ჟურნალისტმა {რომლის ვალია დაადგინოს ჭეშმარიტება} ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩემი ფოტო „ფეისბუკზე“ განათავსა და მასზე დამყარებული მცდარი ინფორმაციით, პრაქტიკულად საჯარო ლინჩი მომიწყო. ამავე პოსტში (და კომენტარებში) თვალში მეცა ქალთა უფლებების ცნობილი „დამცველის“ ბაია პატარაიას კომენტარი. სამწუხაროა, ვინც სხვების დაცვას იბრალებს, თავად უწყობს ხელს ქალების მიმართ სიძულვილს. მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის“,- წერს მაგდალინა თოდუა.
