“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს ქართველთა ნაწილი.
როგორია საზოგადოება, რომელიც ოჯახის ცნებას პატივს სცემს, მისურიში გადმოსვლის მერე მივხვდი – ოჯახის წევრები ყველგან ერთად რომ დადიოდნენ, ბავშვებიანად, საღამოობით ერთად სადილობდნენ, სამაგიდო თამაშებს თამაშობდნენ, შაბათ-კვირას კარვებით დადიოდნენ, ყველა კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამა მშობლების აქტიური მოხალისეობით ხორციელდებოდა. 2012 წელი იყო, ამ დროს საქართველოში მამა პამპერსს თუ უცვლიდა შვილს და ეზოში ასეირნებდა, მაგარ მამად ითვლებოდა და ინტერვიუს წერდნენ მასთან. მე და ჩემი ქმარი კი ორ-ორ სამსახურში ვმუშაობდით და ბავშვებს სანახევროდ ჩემი და, დედაჩემი და ძიძები ზრდიდნენ.
ზოგადად, ოჯახის სიწმინდე რას ნიშნავს, სრულიად გაუგებარია. მაგრამ მოდი, ჩავთვალოთ, რომ კარგ ოჯახს ნიშნავს – სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთზე ზრუნავენ, თავისუფალი დროის ერთად გატარება უხარიათ, ერთმანეთის ინტერესებს ხელს უწყობენ და ერთმანეთს განვითარებაში ეხმარებიან.
თურმე წელს უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება ეს დღე. ვნახოთ, როგორ ეხმარება სახელმწიფო ოჯახებს:
1) ათიათასობით ქალი ათწლეულებითაა გადახვეწილი საკუთარი ოჯახიდან, დედის გარეშე გაიზარდნენ თაობები და ახლაც ასე იზრდება ბევრი მოსწავლე. ერთი პროგრამა მაინც თუ გახსოვთ, რომლითაც სახელმწიფო ამ ოჯახებს დაეხმარებოდა, ან ამ ქალებს დაბრუნებაში?
2) წელიწადში ასზე მეტი არასრულწლოვანი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მათგან უმეტესობა – ოჯახის წევრის ან ოჯახის ახლობლის მხრიდან. რამე პროგრამა გახსენდებათ სკოლაში, რომელიც ბავშვებს თავისი პირადი სივრცის დაცვას ასწავლის? რამე ცხელი ხაზი გახსენდებათ, სადაც ბავშვმა უნდა დარეკოს პრობლემის შემთხვევაში? მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ ამაზე და მათაც ხელს უშლიდნენ.
3) უკვე მერამდენე კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახების საკმაო ნაწილს არ აქვს საკმარისი ფული, რომ სკოლაში საკვები ან კვების ფული გაატანოს შვილებს და შედეგად, ბავშვებს სკოლაში შიათ. ის კიდევ ცალკე ამბავია, რომ გამართული სასადილოებიც ვერ შეიქმნა სკოლებში და ფულს თუ ატანს მშობელი, მარგარინზე დამზადებული ცომეულის ყიდვა უწევს ბავშვს, ან მავნე ხემსების და ადრეული ასაკიდან ეწყება კუჭნაწლავის პრობლემები. ვინმე მუშაობს ამ მიმართულებით პერიოდულად ლოზუნგების გადმოგდების გარდა?
4) დიდი ქალაქების გარდა, ოჯახური გართობა სად შეიძლება საქართველოში? სადაა მუნიციპალური სპორტული ცენტრები, კინოთეატრები, საბავშვო ინტერაქტიური მუზეუმები? ერთი ექსპლორატორიუმია თბილისში და ისიც 30 ლარი ღირს ბავშვი. ანუ ოთხსულიანი ოჯახი რომ შევიდეს, 120 ლარი სჭირდება, 3 სთში სრულად ნახავს ყველაფერს და მეტი მოსვლაც აღარ მოუნდება. სენტ-ლუისში უზარმაზარი საბავშვო-სამეცნიერო ცენტრი იყო, ოჯახისთვის მთელი წლის აბონემენტი ღირდა 135$ და თვეში ორჯერ დავდიოდით ხოლმე, იმდენი გამოფენა და ინტერაქტიური სივრცე ჰქონდა. ჯინო პარადაიზში წახვალ ოჯახით და ორასი ლარი შესვლა დაგიჯდება, ორასიც – ჭამა, იმიტომ რომ საჭმლის შეტანა არ შეიძლება და ერთი პიცა 40 ლარი ღირს. Six Flag-ში, რომელიც ჯინოზე ხუთჯერ დიდი ატრაქციონების პარკია და თავისი წყლის პარკიც აქვს ზაფხულში, წლიურ ოჯახურ აბონემენტში 200$-ს ვაძლევდი და ულიმიტო შესვლა იყო. იმაზე ბევრჯერ მომიყოლია, აბაშისხელა როლაში უიაფესი სპორტული ცენტრიც რომ გვქონდა, გადასარევი ბიბლიოთეკაც სახალისო პროგრამებით, ორი დიდი პარკი. ერთი მეგობარი მყავს იქაური – ჩემი ტოლია და 9 შვილი ჰყავს, ოჯახის შემოსავალი კი დაბალი. განათლების და განვითარების თვალსაზრისით არაფერი დაუკლია თავისი უნიჭიერესი შვილებისთვის, იმდენი უფასო პროგრამა მუშაობდა ამ პატარა ქალაქში. შეძლებს აბაშაში ცხრა შვილიანი დაბალშემოსავლიანი ოჯახი, შვილები ატაროს ჭადრაკის, რობოტიქსის, კალათბურთის, ფეხბურთის, ცურვის, ცეკვის, მუსიკის წრეებზე?
5) როლა, სადაც 5 წელი ვიცხოვრეთ კალიფორნიაში გადმოსვლამდე, საუნივერსიტეტო ქალაქია და არც ისე შეძლებული – ოციათასიანი მოსახლეობიდან ნახევარი ფერმერია. რამდენიმე სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანული ეკლესიაა – კათოლიკური, ბაპტისტური, ევანგელისტური, მორმონების და ა.შ. საინტერესო ისაა, რომ ყველა ეკლესიას აქვს საკვირაო სკოლა, ზოგს დაბალფასიანი ბაღი, ზოგს გახანგრძლივებული პროგრამები, ზოგს მუსიკის და სპორტული პროგრამები ბავშვებისთვის, ზოგს – საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამები. ეკლესიები იყო თემის თავშეყრის, მოხალისეობის და განვითარების ადგილი. და ცხადია, აქაც ოჯახურად იყო ყველა ჩართული.
6) უზარმაზარი პრობლემაა კაცების (მეტწილად) ლუდომანია, ლოთობა და ნარკომანია. აქედან მოდის ოჯახური ძალადობის იმდენი ფაქტი, რომ ნორმალიზებული გახდა უკვე. ეკონომიკურად შეზღუდული ქალები ხშირად ვერ ტოვებენ მოძალადე კაცებს. არასამთავრობო ორგანიზაციები რომ არ იყვნენ, ამ პრობლემებზე ვინ ამოიღებდა ხმას? რას აკეთებს სახელმწიფო ამის შესამცირებლად?
7) საშინელი მდგომარეობაა საკვების ხარისხის კუთხით. საკუთარ მეურნეობებშიც კი არასწორად და უზომოდ გამოიყენება პესტიციდები და ჰერბიციდები, რომლებიც საგრძნობლად ზრდის სიმსივნის და სხვა დაავადებების რისკს. ექსპორტზე მომუშავე ფერმების გარდა თითქმის არავინ არ იკვლევს ნიადაგს, ქალაქებში მშენებლობები მიმდინარეობს საფარის გარეშე და სახელმწიფომ არ იცის, რისგან გვემატება ტყვია და სხვა მძიმე ლითონები, რომლებიც ბავშვებისთვის ნეიროტოქსიკურია და პირდაპირ აფერხებს გონებრივ განვითარებას.
ცხადია, არ არსებობს განვითარებული ქვეყანა პრობლემების გარეშე. მაგრამ ჭკვიანი ქვეყნები მთელი ძალით ცდილობენ ამ პრობლემების შემცირებას, უჭკუოები კი იკვეხნიან, კარგად ვართო და ბოლო კაპიკებს ფასადის შექმნაში ხარჯავენ. საქართველოში რას აღნიშნავენ ოჯახის სიწმინდის დღით? შარშან დააყენეს ავტობუსები ბიუჯეტის ფულით და ისე ჩამოიყვანეს ხალხი. მართლა ოჯახზე რომ ზრუნავდნენ, ამ ფულით თითო მუნიციპალიტეტში თითო სკოლას რამე საოჯახო განვითარების პროგრამას აუწყობდნენ ყოველ წელს, ან სოფლებში სკოლებს უზარმაზარი ცარიელი ეზოები რომ აქვთ, პატარა ექსპერიმენტულ სივრცეებს შეუქმნიდნენ. ამაზე იფიქრეთ, ვინც დღეს ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავთ. იფიქრეთ, როგორ აიძულოთ სახელმწიფო, იზრუნოს ბავშვებზეც და მშობლებზეც.