20 დეკემბრიდან “ნაკუწელა” წყვეტს საახალწლო შეკვეთების მიღებას. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ სულამანიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ბავშვის ტანსაცმელს იბარებს და მისგან თოჯინებსა და პლედებს აწარმოებს. პროდუქცია ბაზარზე ონლაინ იყიდება.
სულამანიძის თქმით, ბიზნესი ოპერირების გაგრძელებას აპირებს, თუმცა ახლა, ქვეყანაში განვითარებულმა მდგომარეობამ გაფართოებას და ახალი პროდუქტების შექმნას ხელი შეუშალა.
„გაგრძელებას ვაპირებთ ბუნებრივია, თუმცა ამ ეტაპზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ვერ გავფართოვდით. ამ თვეში 2 მკერავი ავიყვანეთ, ჯამში 4 ვართ დასაქმებული, მაგრამ განწყობა არ არის. ბევრი გეგმა გვქონდა, მაგრამ რეკლამებიც გავთიშეთ, 15-კაციანი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი და გავაუქმეთ. როცა ამის დრო იქნება, მერე ალბათ გავაკეთებთ“, – განაცხადა მარიამ სულამანიძემ.
