ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ღირსების ორდენები, როცა პრეზიდენტმა მათი კოლეგები გამოტოვა – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი, ამბობს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თავად უნდა გადაწყვიტოს “რამდენად უღირთ ასეთი [ღირსების] ორდენები”. ასე გამოეხმაურა კალაძე ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების ირგვლივ მიმდინარე განხილვას.
უფრო კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 მარტს, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან მეორე დღეს, მისი წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. დოკუმენტში, რომელიც მათ პრეზიდენტს გადაუგზავნეს 53 წევრია მითითებული. ნაკრების წევრებისა და მწვრთნელების გარდა, მასში შედის ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების პერსონალი.
13 ივნისს, კალაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ამ ამბავს არ გამოხმაურებია. იმავე დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ორი განკარგულება ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. ორივე მათგანი 23 მაისით არის დათარიღებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, წარდგენილი პირების დაჯილდოება მაისი ბოლოს, ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა. თუმცა ნაკრების საქართველოში არყოფნის გამო ცერემონია გადაიდო.
“ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განკარგულებებში, რომლებიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა 40 ადამიანის სახელია მითითებული. პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სიიდან ფედერაციისა და ნაკრების ტექნიკური პერსონალის ნაწილი პრეზიდენტის სიაში ვერ მოხვდა.
კახა კალაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს წვლილი აქვთ შეტანილი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში, პრეზიდენტმა კი ისინი ღირსების ორდენით დასაჯილდოვებელთა სიიდან გამოტოვა.
“რამდენი ხანია პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, მთლიანად გუნდი წარადგინა ღირსების ორდენზე და ამდენი ხანი ხმა არ ამოუღია არავის. მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტი არ აჯილდოებს ჩვენს სპორტსმენებს, ამის მერე უკვე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენ მაისი თვეში გამოვეცით, უბრალოდ არ ვსაუბრობდით ამაზეო. წარმოუდგენელია. ის განკარგულება, რომელიც არის გამოცემული, უამრავი ადამიანი არის გამოტოვებული. არ ვიცი, გადასაწყვეტი არის ეროვნული ნაკრების, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, რომ თავიანთი კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში, ის ადამიანები გამოტოვა და დანარჩენებს მისცა. წარმოუდგენელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძემ და პაპუაშვილმა წარადგინეს, თუმცა ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ განკარგულებაში ვერ მოხვდნენ ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების შემდეგი თანამშრომლები: კონსტანტინე თედელური, გიორგი დუღაძე, გელა გუჩუა, გრიგოლ ლეჟავა, გიორგი ქოჩლაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი კაციტაძე, ზაზა ზამთარაძე, აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოზ ჟღარკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა