ნაკლებად უნდა ვჭრათ მთის ფერდობები, ტყეები და ბუნების მთლიანობას არ უნდა შევეხოთ – ეს უპირველესი წესია, რომ მეწყრული ზონები კიდევ არ გამრავლდეს – ნინო ჩხობაძე

ნაკლებად უნდა ვჭრათ მთის ფერდობები, ტყეები და ბუნების მთლიანობას არ უნდა შევეხოთ – ეს უპირველესი წესია, რომ მეწყრული ზონები კიდევ არ გამრავლდეს – ნინო ჩხობაძე
საქართველოში მეწყრული ზონები ბლომადაა. ამ მხრივ, საკმაოდ რთული რეგიონებია: რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, გურია, იმერეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც მეწყრული პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარეს – ნინო ჩხობაძეს:
– საქართველოში მეწყერი წარსულშიც არავის უკვირდა. ყველაზე ცნობილი ადგილი, საიდანაც მეწყერი არა ერთხელ ჩამოსულა, დევდორაკი იყო. ცნობილი ფაქტია, რომ XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, როცა აქ ს იმპერია შემოვიდა და დამკვიდრებას ცდილობდა, დევდორაკის ფერდობზე დიდი მეწყერი ჩამოწვა, გზა ჩაკეტა და მთელი სამი წლის განმავლობაში, რუსეთის მესვეურებს საქართველოში შემოსვლა აღარ შეეძლოთ. ეს ამბავი მე-19 საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებშია აღწერილი. დევდორაკზე მეწყერი რამდენიმე წლის წინაც ჩამოწვა: ჯერ – 2014 წელს, ხოლო მერე – 2016 წლის აგვისტოში. მაშინ მეწყერმა დარიალის ჰესი დააზიანა და მსხვერპლიც იყო.
-გასაგებია, რომ საქართველოში მეწყრული ზონა ბევრია, რა გამოცდილება გვაქვს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად?
– ჯერ კიდევ წინასაუკუნის 50-60-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში სისტემატურად მიმდინარეობდა კატასტროფული ზონების აღწერა. მუშაობდა გეოლოგიური სამსახური, რომლის მისიაც სწორედ ეს იყო. 1970-იან წლებში, ქართველმა მეცნიერებმა რუკები შეადგინეს, სადაც დაფიქსირდა, თუ სად არის მეწყრული ზონები და შესაბამისი საფრთხეები.
ბოლო პერიოდში, 2020 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ამ საკითხს უფრო ინტენსიურად შეისწავლიდა და აკვირდებოდა გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გარემოს დაცვის სააგენტოში მუშაობს. ისინი მუდმივად აქვეყნებენ სპეციალურ ბიულეტენებს, თუ სად არის საფრთხეები. ეს მონაცემები პერიოდულად ეგზავნება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს და მუნიციპალიტეტს. ბოლო კვლევის მონაცემები 2023 წლითაა დათარიღებული და მკაფიოდაა აღწერილი, სად, როდის, რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს. ამ რუკებზე მონიშნულია მთელი კავკასიონი, აჭარა-თრიალეთის ქედი, მთიანი აჭარა, გურია და ა.შ. ამავე დროს, გაკეთებულია აღწერა წყალდიდობებთან დაკავშირებით. სპეციალურ ბიულეტენში, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს, სოფლებიც კია მითითებული, სადაც წყალმოვარდნის საშიშროება მაღალია. ეს მოვლენა ყველაზე მეტად დამახასიათებელია მდინარე დურუჯისთვის, რომელიც ყვარელში მდებარეობს და ბევრჯერ ადიდებულა. 2015 წელს, ყველამ საკუთარი თვალით დავინახეთ, რა შეუძლია ერთ პატარა მდინარეს: მდინარე ვერე ადიდდა და თბილისის ცენტრალური უბნები დატბორა.
– მართლაც, რა ზუსტად ასრულდა ძველი გამონათქვამი: “გეშინოდეთ დამშრალი ხევის ადიდებისაო”…
– გეთანხმებით, სწორედ ასე მოხდა, მაგრამ ეს არ ყოფილა მოულოდნელი რამ – თვით ეს ტოპონიმიც სიტყვა “ვერაგიდან” მოდის – ვერა ანუ ვერაგი მდინარე. ეს მდინარე 1915 წელსაც ადიდდა, მერე 1970 წელს და მისი ვერაგობა 2015 წელსაც ვიხილეთ. საქართველოში კიდევ ბევრი მშრალი ხევია, რომელიც წვიმის დროს აქტიურდება, მეწყერს და წყალმოვარდნას კი, თითქმის ყოველთვის, დიდი რაოდენობით წვიმა იწვევს.
– მეწყრული პროცესები ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა, რატომ?
– ეს პროგნოზი წინასწარ არსებობდა, ცხადია, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები გააქტიურდებოდა. მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა მდინარე მთის მდინარეა და თითქმის ყველას ახასიათებს წყალმოვარდნები. ძლიერი წვიმები და ეროზიული პროცესები, უკონტროლო მშენებლობები, გზების გაყვანა და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ტყის გაჩეხვა მოსდევს – ეს ყველაფერი მეწყრულ პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს და აძლიერებს. ამის შედეგები ბოლო წლებში უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ.
– თუ არსებობს თავდაცვის მექანიზმი, რომლითაც მეტნაკლებად დაზღვეულნი ვიქნებით?
– ამ სიტუაციაში პირველადი შეტყობინების სისტემის გამართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ სისტემაში უნდა იყოს ჩართული როგორც ცენტრალური, ასევე – ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემები და უნდა არსებობდეს მთლიანიად, მუდმივი მონიტორინგის და დაკვირვების სისტემა, რომელიც მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაგვიცავს. არსებული სიტუაცია განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს და კიდევ: აუცილებლად უნდა აღდგეს გეოლოგიის სამსახური, რომელიც 2006 წელს გააუქმეს. სხვაგვარად, ეს სფერო ვერ მოწესრიგდება.
– რომელი ქვეყნების გამოცდილებაა სამაგალითო ჩვენთვის?
– ასეთი გამოცდილება ყველა ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა იმ ქვეყნის გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, სადაც საქართველოს მსგავსი ლანდშაფტია, მათ შორისაა: შვეიცარია, ავსტრია, იტალია, სადაც თავდაცვის და პრევენციის მექანიზმი ძალიან კარგად, ეფექტიანად მუშაობს. ამ ქვეყნებში, წინასწარი შეტყობინების სისტემა აკეთებს პროგნოზს, რა შეიძლება მოხდეს და მოსახლეობა სტიქიის ზონებიდან დროულად გაჰყავთ.
– თუ არსებობს პრევენცია, რომ მეწყრული ზონები კიდევ არ გამრავლდეს?
– ნაკლებად უნდა ვჭრათ მთის ფერდობები, ტყეები და ბუნების მთლიანობას არ უნდა შევეხოთ – ეს უპირველესი წესია. უფრო მკაცრი კანონმდებლობა უნდა გვქონდეს და ხალხმაც უნდა გაიგოს – თუ შესაბამისი სამსახური გვაფრთხილებს, რომ ამა და ამ ადგილზე მშენებლობის დაწყება არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება.
ვრცლად: kvirispalitra.ge