ნაირა გელაშვილი: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!

მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ნაირა გელაშვილი ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. ის პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ როგორც ამაღლობელი, ისე სხვა “სინდისის პატიმრები”.
მზია ამაღლობელის გარდა, მწერალი საუბრობს ს პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე. სწორედ დგებუაძემ მიაყენა შეურაცხყოფა მზია ამაღლობელს, რის საპასუხო სილის გაწვნის გამოც მედიამენეჯერი დააკავეს. დაკავების შემდეგ დგებუაძე მას სისხლისსამართლებრივი დევნით დაემუქრა, გააგრძელე მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე სცადა ფიზიკური თავდასხმა, სახეში შეაფურთხა და პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში არაადამიანურად ექცეოდა. მათ შორის, არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ნაირა გელაშვილმა ირაკლი დგებუაძე თავისი წიგნის გმირს შეადარა, “როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი!”.
“როდემდე? როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით? იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ! იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო უღირსებო, ლაჩარი კაცებით, რომლებიც ვაჟკაცობად თვლიან უმწეო პატიმარი ქალის შეურაცხყოფას, მისდამი უხამს მუქარას და შურისძიებას! რომლებსაც მამაკაცური ღირსების კოდექსის არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი სმენიათ! ი. დ.-ის მაგვარ ძალოვანთა გარეგნულად გაფუყული მამაკაცობა უბადრუკობით არის ამოვსებული! ასეთებს შეუძლიათ საქვეყნოდ იწუწუნონ, რომ ქალის სუსტად მოქნეულმა ხელმა, უფრო ზუსტად კი თითების შეხებამ ნიკაპზე, ტკივილი მიაყენა მათ! (აი, ამაზე კი შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ნამდვილად არ მომხდარა!). ასეთებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააგებინებს, რას ნიშნავს სიტყვა „სირცხვილი“ და „სამარცხვინო“! ეს სუბიექტი ჩვენს უახლეს ისტორიასა და წიგნში „ღირსების შესახებ“ (რომელიც, საბედნიეროდ, იწერება), შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი. საერთოდ, მზია ამაღლობელის ამბავი ტესტია მთელი საზოგადოებრივი მორალისთვის და ცალკე უნდა გაანალიზდეს იმ არსებათა საქციელი, სისხლისა და შურისძიების წყურვილი ქვეცნობიერში რომ აქვთ ჩატენილი და მსგავს შემთხვევებში ამოანთხევენ ხოლმე ან ხმამაღლა ან ხმადაბლა, ოღონდ შეფუთულს სახელმწიფოებრივი წესრიგისადმი ერთგულებით. ასეთები ჩუმად იტანდნენ და იტანენ დამცირებას და ახლა უბრალოდ შურთ იმისი, ვინც ეს ვერ და არ აიტანა („შიმშილობს და იშიმშილოს!“ „იშიმშილოს და მოკვდეს“! -სოციალური ქსელები). მაგრამ განსაკუთრებით შემზარავი ის არის, რომ არც საერო და არც სასულიერო ხელისუფალთა შორის ერთიც კი არ აღმოჩნდა, ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანი, ქალი, (რომელიც მუდამ სანიმუშო რეპუტაციით, პროფესიული ცოდნითა და თავდადებული შრომით გამოირჩეოდა), უკვე 21-ე დღეა შიმშილობს! ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ მოქალაქე ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, მერე არა ადამიანური მოპყრობით აფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანეს, და მერე სუსტად მოქნეული სილის გამო შვიდ წელს უსჯიან და თან სახელს უტეხენ! ვინც აღშფოთდებოდა, რომ მას მშვიდად იმეტებენ სიკვდილისათვის! ეს ხომ იგივეა რაც მკვლელობა! ცხადია, ვისაც ბოლომდე სურს მკვლელად ჩამოყალიბდეს, იმას ვეღარაფერი შეაჩერებს, მაგრამ რადგან სასწაულების მჯერა, მაინც მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! (ომშიც ხომ აქვს ადგილი სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებს). მერე მართლა გვიან იქნება და გვიან იქნება მრავალი თვალსაზრისით”, – წერს ნაირა გელაშვილი.
უკვე 22 დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს.
ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.
იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.