სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორს, ნათია ფიფიას ესაუბრა.
– ქალბატონო ნათია, UNICEF-ის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ჩვენში განათლების სისტემის პრობლემებზე.
ზოგადად, წაკითხულის გააზრება და აზრის სწორად ჩამოყალიბება რომ ქვეყანაში პრობლემაა, ამაზე საკმაოდ ნათლად ისიც გვეუბნება თუ სატელევიზო ეთერებს თვალს მივადევნებთ.
საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში რომ ბევრი პრობლემაა, ამაზე თითქოს ყველა თანხმდება, მაგრამ, ხშირად გვესმის რომ ქართველ მოსწავლეებს და სტუდენტებს წაკითხულის გააზრება და აზრის სწორად ჩამოყალიბებაც კი უჭირთ.
რამდენად საფუძვლიანია ასეთი განცხადებები და მტკიცებები?
– ნაწილობრივ. ზოგადად გადაჭარბებულია, თუმცა, საუკეთესო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. ამასთან, რასაკვირველია, განსხვავდება მოსწავლეებისა და სტუდენტების დონე.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან სკოლის დამთავრების, პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რასაკვირველია, წაკითხულის გააზრების უნარი მაღლა იწევს.
ამავდროულად, საქართველოს მონაცემები დასავლეთევროპული ქვეყნების მონაცემებს ჩამოუვარდება. თავად გაეროს ფონდი აღიარებს, რომ ღარიბი ქვეყნების უმდიდრესი ოჯახების შვილებს წაკითხულის გააზრების უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მდიდარი ქვეყნის უღარიბეს მოსწავლეებს. რას ნიშნავს ეს, რომ წაკითხულის გააზრების დონე კონკრეტულ ქვეყანაში პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის სიმდიდრესთან.
საქართველოს მონაცემები დასავლეთევროპული ქვეყნების მონაცემებს ჩამოუვარდება. თავად გაეროს ფონდი აღიარებს, რომ ღარიბი ქვეყნების უმდიდრესი ოჯახების შვილებს წაკითხულის გააზრების უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მდიდარი ქვეყნის უღარიბეს მოსწავლეებს. რას ნიშნავს ეს, რომ წაკითხულის გააზრების დონე კონკრეტულ ქვეყანაში პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის სიმდიდრესთან
შესაბამისად, ბუნებრივია, სახელმწიფო რაც უფრო მეტი რესურსის დახარჯვა შეუძლია განათლების სისტემაზე, მით უფრო მაღალია წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი. საქართველოში არის ისეთი მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით მისი ეკონომიკური განვითარების შესაბამისია.
– წლებია საქართველოს საგანმათლებლო სისტემა ემსგავსება და ცდილობს სულ უფრო თავსებადი იყოს განათლების იმ სისტემის, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში კარგა ხანია აპრობირებული. რამდენად არის ეს მხოლოდ საქართველოში არსებული პრობლემა თუ ეს ზოგადი პრობლემაა მთელს მსოფლიოში?
– საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მიახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, ბუნებრივია, საერთო მახასიათებლების გარდა ამ ქვეყნების სისტემები გარკვეული თავისებურებებითაც ხასიათდება.
მაგალითად, ფინური სკოლა განსხვავდება ბრიტანული ან ფრანგული სკოლისგან. ჩვენს შემთხვევაში პროგრამულ ნაწილში, არსებობდა განსხვავებული აზრები, თუ როგორ უნდა შემუშავებულიყო თუნდაც ეროვნული სასწავლო გეგმა, წლებთან ერთად იცვლებოდა მიდგომები, შინაარსთან დაკავშირებით დამოკიდებულება, რადგან როგორც წესი, განსხვავებული მოსაზრებების ექსპერტები იყვნენ ჩართულები და სხვადასხვა დროს პრიორიტეტად დასახული იყო სხვადასხვა მოდელის აპრობაცია და ქართულ რეალობასთან მორგება.
მე, როგორც ისტორიკოსს, შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობდა შეთანხმება თუნდაც იმ საკითხში, საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია ცალ-ცალკე საგანი უნდა ყოფილიყო თუ საქართველოს ისტორია მსოფლიო ისტორიასთან ერთად უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული და საგანს რქმეოდა „ისტორია“.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მიახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, ბუნებრივია, საერთო მახასიათებლების გარდა ამ ქვეყნების სისტემები გარკვეული თავისებურებებითაც ხასიათდება
დასავლეთში ორივე მოდელი არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალ-ცალკე ისწავლება, ევროპაში ასეთი მოდელიც არსებობს – საბაზო საფეხურზე ისწავლება ზოგადად ისტორია, საშუალო საფეხურზეც ზოგადად ისტორია, თუმცა, მისი მხოლოდ ერთი მონაკვეთი გაღრმავებულად.
ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად რთულია თუნდაც ერთ საბაზისო საკითხზე შეთანხმების მიღწევა ექსპერტებს შორის, შესაბამისად, ექსპერიმენტები ამ მიმართულებით უბრალოდ, სამუშაო პროცესის ნაწილია.
– უკანასკნელი წლებია თვალს ვადევნებთ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტად დაწინაურებული ხდებიან ეკონომიკურად უფრო მდიდარი ქვეყნები.
ვხედავთ იმასაც, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე. რამდენად შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა განათლების სფერო და რა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა იგი?
– ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციურად შეცვალა განათლების სფერო და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ის, რაც ადრე მოსწავლისთვის საშინაო დავალების სახით შეიძლებოდა მიგვეცა, დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
შესაბამისად, საკლასო გარემოს როლი და მნიშვნელობა გაიზარდა. მნიშვნელოვნად შესაცვლელი გახდა მიდგომები სწავლების პროცესში. ზეპირ კომუნიკაციას მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. საუნივერსიტეტო დონეზე ამ მხრივ ნაკლებად საგრძნობია – ზეპირ კომუნიკაციას ისედაც მეტი მნიშვნელობა ჰქონდა აქამდე.
ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციურად შეცვალა განათლების სფერო და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა
თუმცა, აქ გაჩნდა პლაგიატის საშიშროება- წერილობითი ნაშრომი ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დაგიწეროს. ამავდროულად, არსებობს პლაგიატის ამომცნობი პროგრამებიც, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემქნილ ტექსტსაც ცნობს.
ამავდროულად, პედაგოგისთვის, იქნება ეს ლექტორი თუ მასწავლებელი, რევოლუციურად გამარტივდა სასწავლო რესურსების შექმნის პროცესი, რასაც ადრე საათებს ვანდომებდით, ახლა წუთებში შეიძლება გაკეთდეს.
შესაბამისად, ხელოვნურმა ინტელექტმა მართალია, გამოწვევები შექმნა, მაგრამ ამავდროულად, ეთიკური გამოყენების შემთხვევაში ძალიან დიდი სარგებელიც მოიტანა.
– მას შემდეგ რაც სსრკ დაიშალა და ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზას დაადგა, ქვეყნის განათლების სისტემამ რეფორმებისა და ტრანსფორმაციის საკმაოდ ბევრი ეტაპი გაიარა. რამდენად წარმატებული იყო რეფორმირება-ტრანსფორმირების ეს პროცესი, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები რომ არსებობს, ფაქტია. ვხდები რომ ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ, მაინც გკითხავთ.
როგორი იყო დამოუკიდებელ საქართველოში განათლების სფეროში პოლიტიკის ევოლუცია და რა პროგრესი განვიცადეთ ან რა მიმართულებით დავიხიეთ უკან?
– დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველოს პრიორიტეტი საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის იდეოლოგიური გავლენისგან გათავისუფლება იყო. შესაბამისად, მთავარი პრიორიტეტი საკვანძო საგნებში კომუნისტური იდეოლოგიისგან და გავლენისგან თავისუფალი სახელმძღვანელოების შექმნა და ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი პროგრამების და მათი შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნა იყო.
ამან განაპირობა ის, რომ სოციალურ მეცნიერებებში ქართველი ავტორების მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები მალევე შეიქმნა, მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის პირველ წლებში ფიზიკის, ქიმიის და მათემატიკის სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობას წარმოადგენდა. მაშინ ქვეყანას მეტი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.
ამავდროულად, პოსტსაბჭოთა საქართველოს მთავარი პრობლემა 90-იან წლებში კორუფცია იყო, განსაკუთრებით უნივერსიტეტებში მოხვედრასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა დაიძლია 2000-იან წლებში, ეროვნული გამოცდების დანერგვასთან ერთად.
ამავდროულად, ამავე წლებში დაიწყო საუნივერსიტეტო პროგრამების და საგნების სტანდარტიზება – სილაბუსების და პროგრამების შექმნა, რამაც შეიძლება ითქვას, ახალ საფეხურზე აგვიყვანა.
მოგვიანებით, 2010-იანი წლებიდან განათლების სისტემაში მეტი ამბიცია გაჩნდა, დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან ინტეგრაციისა, ბუნებრივია, ეს პროცესი მოითხოვდა გარკვეულ ძიებებს, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ის სხვადასხვა ექსპერიმენტი, რომელიც განათლების სხვადასხვა მინისტრის სახელს უკავშირდება.
ამ მხრივ ძიების პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამადროულად, სახელმწიფომ გამოკვეთა ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგები, რომლის დაფინანსებაც დაიწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი დაუფლების შემთხვევაში. ეს დარგები მოიცავდა სხვადასხვა ფუნდამენტურ მეცნიერებას – მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, ისტორიას, ქართულ ფილოლოგიას. ამან თავისი შედეგი მოიტანა – წამოვიდა ახალგაზრდა, კვალიფიციური მასწავლებლების ახალი თაობა, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გავლენისგან იყო დიდწილად თავისუფალი.
ამავდროულად, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებელი გაიზარდა, შეიძლება არა ბევრისთვის სასურველი ტემპებით, თუმცა, მაინც გაიზარდა. ამან შესაძლებლობა მოგვცა, მეტი დაფინანსება გამოყოფილიყო განათლებისთვის, ნელ-ნელა გაიზარდა პირველ რიგში მასწავლებლის ხელფასი, შედარებით ნაკლებად, ლექტორების, თუმცა, თავისთავად, ლექტორების ხელფასები საერთოდ ჯამში, აჭარბებს მასწავლებლებისას.
დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება თვალის დახამხამებაში არ ხდება, ის ხანგრძლივი პროცესია და მუდმივ მზაობას მოითხოვს, რათა ერთის მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორეს მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ამან ახალგაზრდა თაობას კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩინა დაუფლებოდა ამ პროფესიას, რამაც შედეგად კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი და კვალიფიციური ახალგაზრდა მოგვცა ფუნდამენტურ დარგებში.
ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რომ დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება თვალის დახამხამებაში არ ხდება, ის ხანგრძლივი პროცესია და მუდმივ მზაობას მოითხოვს, რათა ერთის მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორეს მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს.
– ჩვენს თვალწინ ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება, უპირველესად მხედველობაში მაქვს ის, რომ ციფრულმა განვითარებამ გააჩინა ისეთი ცნება, როგორიცაა „ციფრული მოქალაქეობა“.
რას ნიშნავს ციფრული მოქალაქეობა? რამდენად არის ის დღეისთვის ინტეგრირებული ჩვენს სასკოლო ან საუნივერსიტეტი პროგრამებში?
– ციფრული მოქალაქეობა ნიშნავს, ციფრული გარემოს, იქნება ეს სოციალური ქსელები თუ უბრალოდ ინტერნეტი უსაფრთხო და პასუხისმგებლიან, ასევე ეთიკურ გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს ციფრულ სივრცეში რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას მას როგორც პიროვნულად, ასევე ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
მაგალითისთვის, უნდა შეძლოს დეზინფორმაციის განსხვავება უტყუარი ინფორმაციისგან. ეს აუცილებელი უნარია, ამ უნარის გარეშე შეიძლება ერთ დღესაც მარტივად მანიპულირებად ბრბოდ ვიქცეთ.
დღესდღეობით ის მიზერულ დონეზეა ინტეგრირებული სასკოლო ან საუნივერსიტეტო პროგრამებში. მხოლოდ ცალკეული ენთუზიასტი კერძო სკოლების ხარჯზე ხორციელდება. საუნივერსიტეტო დონეზეც ცალკეული ენთუზიასტი ლექტორების დონეზე ხდება, თუმცა, ეს საკითხიც მალე დადგება და საუნივერსიტეტო კურიკულუმების მასთან ადაპტაციაც, როგორც კი ამასთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ თვალსაზრისით პროგრამების შეცვლა იმდენად პრობლემური არ არის, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული ცვლილებების გამო.
– ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც სასკოლო განათლებასთან, ბავშვების აღზრდასთან აქვს საქმე, იცის, რომ ჩვენში საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს ე.წ. რეპეტიტორობის ინსტიტუტს.
მეტიც, რომ არა რეპეტიტორების ინსტიტუტის არსებობა, ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ვერც წარმატებით შეძლებდა და შემდგომ ვერც უნივერსიტეტებში წარმატებით სწავლის გაგრძელებას.
რატომ არსებობს დღემდე ე. წ. რეპეტიტორების ინსტიტუტი და რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის დაძლევა?
– რეპეტიტორების ინსტიტუტის არსებობას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1) საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა კლასში, 2) ჯერ კიდევ ნაკლები ფინანსები, რომელიც გამოყოფილია მაღალი კლასის მასწავლებლების ანაზღაურებისთვის, 3) მახინჯი პრაქტიკის ტრადიცია.
30 და 40 ბავშვიან კლასში მასწავლებელი ისეთ შედეგზე ვერასდროს გავა, როგორზეც გავიდოდა 10 და 15 ბავშვიან კლასში. ასეთი კლასები რომ გაიყოს, ორ-სამჯერ მეტი რაოდენობის მასწავლებელი და შესაბამისად, ამდენჯერ მეტი სახელფასო რესურსი გვჭირდება. ამდენი ფინანსური რესურსი ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს ჯერჯერობით არ აქვს.
რეპეტიტორების ინსტიტუტის არსებობას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1) საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა კლასში, 2) ჯერ კიდევ ნაკლები ფინანსები, რომელიც გამოყოფილია მაღალი კლასის მასწავლებლების ანაზღაურებისთვის, 3) მახინჯი პრაქტიკის ტრადიცია
ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები რეპეტიტორებთან 10-12 კაციან ჯგუფებში სხედან და მაინც ასე ურჩევნიათ. ეს უკვე ზოგადად ამ მახინჯი პრაქტიკის ტრადიციის არსებობის გავლენაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც შესაძლებელი იქნება დაფინანსება ამ მიმართულებით გაიზარდოს, საჯარო და კერძო სკოლები კლასში მოსწავლეთა რაოდენობით, მასწავლებლის ანაზღაურები მიუახლოვდნენ ერთმანეთს, აბიტურიენტის მომზადებაც კერძო და საჯარო სკოლაში ერთსა და იმავე დონეზე იქნება შესაძლებელი.
განვმეორდები და ჯერჯერობით ამ პრაქტიკის სრულად აღმოფხვრისთვის საბოლოოს საკმარისი ფინანსური რესურსი საქართველოს ეკონომიკას არ გააჩნია.
– ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში გახშირდა საუბრები იმაზე, რომ უნივერსიტეტებში მოხვედრისთვის საკმარისი არა მხოლოდ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, საქართველო ალბათ, ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც უნივერსიტეტებში თითქმის იმდენივე აბარებს, რამდენიც ამთავრებს სკოლას. კარგა ხნის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს, უნივერსიტეტში მოხვედრა არ მიმაჩნია სწორად, ეროვნული გამოცდები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე პროფესიის დასაუფლებლად იყოს მზად“.
როგორც ჩანს, სხვადასხვა დონეზე მსჯელობები იმაზე რომ უნივერსიტეტებში ჩაბარების მოდელი უნდა შეიცვალოს, უკვე მიმდინარეობს.
თუ ხართ საქმის კურსში – რას გულისხმობს უნივერსიტეტებში ჩაბარების ახალი მოდელი და რამდენად შესაძლებელია იგი კორუფციის წყარო არ გახდეს, როგორც ეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებში იყო?
– პირველ რიგში, საუბარია ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე და სკოლის სივრცეში კლასის ან დამამთავრებელი საფეხურის გამოცდების ჩაბარებაზე, შემდეგ ამ გამოცდების შედეგების, სკოლის ნიშნების და კლასგარეშე აქტივობების საფუძველზე უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე. ამის განხორციელება თავისუფლად შესაძლებელია კორუფციის გარეშეც, თუ სათანადო კონტროლის მექანიზმები იარსებებს.
მაგალითად, საგამოცდო პროცესს რამდენიმე დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს თითოეულ სკოლაში, მათ შორის, სამინისტროდანაც, საგამოცდო ნაწერი ან კომპიუტერმა უნდა გაასწოროს, ან უნდა ელექტრონულად იტვირთებოდეს და ისეთი ალგორითმი ჰქონდეს პროგრამას, რომ საკუთარი მოსწავლის ნაწერი გამსწორებელს არ მიუვიდეს.
ეს იმ შემთხვევაში, თუ გამსწორებლად ყველა მოქმედი მასწავლებელი იქნება ჩართული, ვისაც სურვილი ექნება. კლასგარეშე აქტივობების დათვლის პროცესი და სისტემა რამდენადმე გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს და რამდენიმე მონაწილის მიერ კონტროლირებად.
ერთი სიტყვით, მართალია კორუფცია დავძლიეთ 2000-იან წლებში, დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და უბრალოდ, ტესტების კარგად დამწერი აბიტურიენტი არ გვჭირდება უნივერსიტეტებში – უნივერსიტეტმა საბოლოო ჯამში სტუდენტი უნდა მოამზადოს არა ტესტისთვის, არამედ ცხოვრებისთვის.
შესაბამისად, მომავალი სტუდენტის მის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებული კლასგარეშე აქტივობა აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული უნივერსიტეტში მიღებისას.
