“ფონდები რომ დააყადაღეს, უკვე ცხადი იყო, რომ დამფუძნებლებსაც მიადგებოდნენ, ამდენად მოულოდნელობად ვერ აღვიქვი და გაოცების სპონტანური რეაქცია არ გამჩენია. აწი და აწი, ამ კანონების, ამ განუკითხაობის ფონზე მეტი და მეტი და კიდევ მეტიც – ყველაფერია მოსალოდნელი, მეტი თავგასულობა, მეტი პიროვნული ანგარიშსწორება. თუ გვესმის, რომ სსრკ მმართველობის ტრადიციები იკრებს ძალას, თავისი ძველი და ახალი გამოცდილებებით და ტექნოლოგიებით, მხოლოდ გულწრფელი სახალხო წინააღმდეგობა არ კმარა, კვალიფიციური ინტელექტუალური ჯგუფი უნდა მუშაობდეს საჭადრაკო კომბინაციებზე, რომლითაც დიქტატურული მექანიზმი გვეთამაშება. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანიც კი არაა პოლიტიკურ სცენაზე, ვინც კრიზისზე სხვებთან ერთად მსჯელობის, ძალების გაერთიანების უნარს დემონსტრირებს.
ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის, რომ უსამართლო კანონების მარწუხებში თანდათან უკლებლივ ყველას ცხოვრება დაზიანდება, მათ შორის მათიც, ვისაც ახლა ყველაფერი მარტივად ჰგონია და ზედაპირულად ამბობს, ევროპაში მე არ ვსეირნობო და დასავლური გამოცდილებები, კონვენციებთან მიერთება თუ პასუხისმგებლობები, რომლებმაც მათი ცხოვრებაც შედარებით უკეთესი გახადა 90-იანებიდან დღემდე, ვერ აღუქვამს და მათიც, ვისაც ახლა ძალაუფლებასთან დაახლოებული ჰგონია თავი და ფიქრობს, რომ მას უსამართლოდ არასდროს მოხვდება თავში ურო,” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.