კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს „შავი ფულით“ შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა – მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით, უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მისამართით კობახიძის მოწოდებას სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩარევად აფასებს.
„გუშინ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რაც ყველაზე ცხადად ადასტურებს, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ინსტიტუტები და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამარცხვინო კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაერია. ის ჩაერია პროკურატურის საქმიანობაში (გავიხსენოთ ვაკის პარკის ტრაგედია, როდესაც ხელი დააფასა მისი კორუფციული დაჯგუფების წევრ კალაძეს), მან უკარნახა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ხშირად სრულიად უკანონოდ იყენებს პრემიერის სტატუსს პარტიის ტრიბუნიდან.
სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტი-კორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ცრუობს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეალურად შეკეტილია ოთახში და არჩევნებით მანიპულაციის გეგმას ხლართავს. უშუალოდ მის კაბინეტში იწერება როგორც ანტი-კორუფციული ბიუროს, ისე ცესკოს და სახალხო დამცველის განცხადებები.
კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს შავი ფულით შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ამ მიზნით, დანიშნეს პრემიერად, ამ მიზნით ჩააბარეს საარჩევნო შტაბიც.
შესაბამისად, რამდენი ავადმყოფობაც არ უნდა გაითამაშოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით – უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. დროულ მოქმედებას პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.
მოვუწოდებ კობახიძეს, გამოვიდეს სამალავიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ქაოსზე.
რა თქმა უნდა, დღესვე მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
„სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა.