საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ლონდონში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს – ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
„შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრად და ჯანსაღ გარემოზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
