ნათია თურნავამ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მან გახსნით ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას, ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სებ-ში ამ მიმართულებით მრავალი წელია აქტიურად მუშაობენ.
„ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარების უკვე 13-წლიანი გამოცდილება გვაქვს. ამდენად, მომხმარებლის უფლებების დაცვის დღე და ბოლო წლებში უკვე კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით აღინიშნება. ამასთან, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის ასევე, მომხმარებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის. მიხარია, რომ ამ თარიღის ტრადიციულად, ყოველწლიური სახე მიეცა რაც მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში ეხმარება”, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ინფორმაციის თანახმად, სიტყვის გამოსვლისას ნათია თურნავამ, ცენტრალურის ბანკის მიერ შემუშავებულ ნორმატიულ ბაზაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდა მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატი და დაინერგა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები. მისივე თქმით, 2023 წელს ჩამოყალიბდა და აქტიურად ვითარდება საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება. მარეგულირებელი აქტებიდან კი აღსანიშნავია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მაღალ სტანდარტს აწესებს. ამასთან, აღნიშნულ მარეგულირებელ აქტში მუდმივად ხდება სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მომხმარებელთა მომართვიანობაზე დაყრდნობით ცვლილებების შეტანა.
„ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს ძირითადი პრინციპი მომხმარებლისთვის სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებაა, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის მხრიდან უფრო მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, ბაზარზე იქმნება უფრო მეტად გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები, შესაბამისად, ყალიბდება უფრო მეტად კონკურენტული გარემო”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
„საქართველოს ეროვნულ ბანკში ფუნქციონირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირების განყოფილება, რომელიც ყოველდღიურად იღებს მომხმარებლების მომართვებს. ბოლო წლების განმავლობაში მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც მომხმარებელთა ცნობიერების ზრდის მაჩვენებელია. მაგრამ, თურნავას თქმით, ინფორმაციის სათანადო გააზრება და დამუშავება მაინც გამოწვევად რჩება, რისთვისაც, სებ-ში 2023 წელს ფინანსური განათლების მიმართულებით ცალკე დეპარტამენტი ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს შორის განახლებული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უწყებებს შორის თანამშრომლობის მეტად მოქნილ და ეფექტიან მექანიზმებს ითვალისწინებს, როგორც კონკურენციის პოლიტიკის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 11-15 მარტს თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში გაიმართება. კვირეულის მიზანი მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერებაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია – დაშავებულია ამავე კოალიციის ერთი წარმომადგენელიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს