ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 16.2%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 3.2%-ით შემცირდა

2023 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 19.5%-ით (1,044-დან 875 მლნ დოლარამდე), ხოლო ბუნებრივი აირის 3.2%-ით შემცირდა (438-დან 424 მლნ დოლარამდე). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულების შემცირება გამოიწვია შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ.
„2024 წლის იანვარში ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი თვიური მატება იყო. ინტუიციურად, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმასა და მომდევნო თვეებში თანმდევ ესკალაციებს ფასები უნდა გაეზარდა. ჰუსიტები და ირანის მიერ დაფინანსებული სამხედრო დაჯგუფებები წითელ ზღვაში გადამზიდებზე თავდასხმას განაგრძობენ და გასული თვის ბოლოს იორში -ს ბაზასაც შეუტიეს, რასაც რამოდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მიუხედავად დაძაბულობისა, -ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი 3.4%-ითაა შემცირებული. J.P. Morgan-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ნავთობის ფასებში გეოპოლიტიკური რისკ-პრემიუმი არ არის ასახული, რადგან არსებული მიწოდება საკმარისია მიმდინარე შოკების დასაძლევად. გასულ თვეებში ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება არ დაფიქსირებულა და არც ახლო პერიოდშია მსგავსი რამ მოსალოდნელი.
ამ ეტაპზე წითელი ზღვაში ნავთობის გადაზიდვა 20%-ით არის შემცირებული და არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მარტივად იჭრება. მეტიც, J.P. Morgan-ის მიხედვით, გრძელი მარშრუტის არჩევა და აფრიკის კონტინენტის შემოვლა ერთ ბარელ ნავთობზე ფასს საშუალოდ მხოლოდ $2-ით ზრდის, რადგან არაბული სახელმწიფოები მეტწილად ნავთობსადენით გადაზიდვას იყენებენ. დამატებით, OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში გაზრდილ წარმოებას და OPEC+-ის ქვეყნებში არსებულ გამოუყენებელ რესურსებს (წარმოების ნებაყოფლობით შემცირების გამო) მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების შემცირების დაფარვა მარტივად შეუძლიათ. შესაბამისად, იანვრის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი არა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, არამედ აშშ-ში მოულოდნელი ცივი ამინდები და გაზრდილი ეკონომიკა იყო. ჩრდილოეთ დაკოტასა და ტეხასში ძლიერმა ყინვებმა წარმოება დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ბარელით შეამცირა.
დამატებით, ამერიკის ეკონომიკის რეალური ზრდა მე-4 კვარტალში 3.3% დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელ 2%-ზე მეტია და ინვესტორების მხრიდან ნავთობპროდუქტების მოთხოვნის მოლოდინზე დადებითად მოქმედებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულებას, ის საქართველოში წლიურად 3.2%-ით შემცირდა 2023 წელს, მოცულობა კი თითქმის იგივე დარჩა (-0.8% წ/წ) – 3.1 მილიონი კუბური მეტრი.
„2024 წლის იანვარში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 1.2%-ით გაიზარდა. მცირე ზრდა ერთმანეთის საპირწონედ მოქმედი დადებითი და უარყოფითი ფაქტორების შედეგია – შედარებით თბილი ამინდი და დიდი მარაგები ევროპაში და აშშ-ს მიერ LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითი შეჩერება. ნავთობის მსგავსად, ახლო აღმოსავლეთის ეფექტი ბუნებრივი აირის ფასებზეც ლიმიტირებული იყო იგივე მიზეზების გამო – მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში არსებული მარაგები საკმარისია მათ გასანეიტრალებლად.
იანვრის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასები თანდათანობით შემცირდა ერთ მეგავატ-საათზე $38.3-დან $29.3- მდე. კლება ევროპისა და აზიის მარაგების გამუდმებით მაღალი მაჩვენებლით იყო გამოწვეული – 78% ევროპაში და ბოლო ხუთი წლის თითქმის პიკური მაჩვენებელი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. მოსალოდნელზე მაღალი ტემპერატურის ფონზე, პოტენციურ მოთხოვნასთან გამკლავება პრობლემას არ წარმოადგენს. დამატებით, ყატარი (LNG-ის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი) აზიური ქვეყნებისათვის ნედლეულის სანდო მიმწოდებელია, თუმცა ევროპისათვის მიწოდება მეტ ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, აშშ გახდა LNG-ით ევროპის უმსხვილესი მომმარაგებელი და 2018 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა გაასამმაგა. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითმა შეჩერებამ ბაზარზე მცირე კორექტირებები შეიტანა.
სხვადასხვა ანალიტიკური წყაროს ინფორმაციით, არჩევნების წელი ბაიდენს უბიძგებს დააბალანსოს კლიმატის აქტივისტების (TikTok-ზე თავიანთი მილიონობით გამომწერი პოტენციური ამომრჩევლით) და ევროპელი სტრატეგიული პარტნიორების/იმპორტიორების ინტერესები. თეთრი სახლის თანახმად, ევროპის LNG-ით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან არსებული ლიცენზიატები მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებენ. Shell-ის CEO-ს განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები მოკლე ან/და საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა LNG- ის მიწოდებას არ აზიანებდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ამ ნედლეულისადმი ნდობას. თეთრი სახლის განცხადების შემდეგ ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში დააახლოებით 12.6%-ით გაიზარდა“, – წერია მიმოხილვაში.