დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.
ცვლილებები კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ნახშირწყალბადების ალტერნატიული წყაროს — ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების განვითარება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივი წყალბადის მოპოვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები არ არსებობს, რაც ინვესტორებს ხელს უშლის ქვეყანაში შესაბამისი პროექტები განახორციელონ. შესაბამისად, ცვლილებების მიზანია, ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გაამარტივებს და წაახალისებს ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების პროცესს.
„ცვლილებები ინვესტორებს საშუალებას მისცემს მათზე გაცემული ლიცენზიის ფარგლებში, ნავთობთან და გაზთან ერთად განახორციელონ ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით წარმოდგენილი მეორე მნიშვნელოვანი ცვლილებით განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები.
ნინო ენუქიძემ თანმდევ კანონებში ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც დღეს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე დაწესებულია მოსაკრებელი 2 ლარის ოდენობით, ანალოგიურად, 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ წყალბადზეც დაწესდება იგივე ოდენობის – 2 ლარის მოსაკრებელი.
სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ერთიანდება სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან.
„საზღვაო მიმართულებით ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი საჯარო უწყება, ერთი არის ჰიდროგრაფიის სამსახური მეორე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საზღვაო უსაფრთხოების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანი მართვისთვის, გვსურს ეს ორი უწყება გავაერთიანოთ და ჰიდროგრაფიის სამსახურის ფუნქციები შევუთავსოთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.