„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლული მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯალათები უწოდა, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „კარგი იქნება, თუ ეს ტერმინი კომისიის დასკვნაში მოხვდება“.
უფრო კონკრეტულად, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა კადრებზე, სადაც მისივე თქმით, ჩანს, რომ კუდ-ის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია „ავტომატს ისვრის და გარდაცვლილებს დასცინის“.
„ხელისუფლება იქცა ჯალათებად, რატომ დახოცა ხელისუფლებამ, ამაზე მაქვს გული გახეთქილი. დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის – კადრებშია ეს, ტელეფონშიც მაქვს ეს კადრები,” – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით კი, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოკლული მარად ართმელაძის სიმართლე.
„ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მათ ჯალათებს ეძახით და კარგი იქნება, ეს ტერმინი სხვა კვალიფიკაციებთან ერთად დასკვნაში თუ მოხვდება. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
