„ნაადრევი დიაგნოზი გაუმსკდარი ანევრიზმების სტატისტიკას ამცირებს“ – ქეთევან მიქელაძე

ანევრიზმა გენეტიკურად დეტერმინირებული სისხლძარღვის კედლის დეფექტის ადგილას გამოწვეული ცვლილებაა, რომელიც საერთო პოპულაციაში მოსახლეობის 5%-ს აღენიშნება, აქედან გამსკდარი ანევრიზმების შემთხვევა დაახლოებით 10-ია – 100 000-ს ადამიანში. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი ქეთევან მიქალაძე აცხადებს, საქართველოში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ბოლო წლებში გაზრდილია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ნაადრევი დიაგნოზი გაუმსკდარი ანევრიზმების სტატისტიკას ამცირებს.
„კომერსანტი“ ქეთევან მიქალაძეს ანევრიზმის მიზეზებსა, პრევენციულ ზომებსა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.
რა არის ანევრიზმა და რა რისკები ახლავს თან?
ანევრიზმა არის გენეტიკურად დეტერმინირებული სისხლძარღვის კედლის დეფექტის ადგილას გამოწვეული ცვლილება. ის უფრო ხშირია ქალებში, თანაფარდობა მამაკაცებთან 3/1-ზეა. ყველაზე უფრო ხშირი გამოვლინების ასაკი 40-დან 60 წლამდეა.
სტატისტიკის მიხედვით, საერთო პოპულაციის დაახლოებით 5%-ს აქვს ანევრიზმა. სისხლჩაქცევები ხდება ხოლმე 100 000-დან 10 შემთხვევაში. არაფერი საგანგაშო ამ მაჩვენებელში არ არის. ჩემი აზრით, საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ბოლო წლებში გაზრდილია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ნაადრევი დიაგნოზი გაუმსკდარი ანევრიზმების სტატისტიკას ამცირებს.
ანევრიზმის გასკდომის რისკს განსაზღვრავს ანევრიზმის განლაგება, ზომა და ფორმა. მაგალითად – საძილე არტერიის 3 მმ-იანი ანევრიზმის გასკდომის რისკი 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ბაზილარული ანევრიზმის გასკდომის რისკი შეიძლება 5%-ს მიუახლოვდეს. 5 მმ-ზე პატარა ანევრიზმები არ წარმოადგენს რისკს, მათი გასკდომის პროცენტი 0.5-ზე ნაკლებია წელიწადში. საშიშად ანევრიზმა ითვლება, როცა ის 5 მმ-ზე დიდია და ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საჭიროა საოპერაციო ჩარევა.
და რა შეიძლება გახდეს ანევრიზმის გამომწვევი მიზეზი და ასეთ დროს რა ჩივილები და სიმპტომები აქვთ პაციენტებს?
ანევრიზმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს გენეტიკა, ასევე შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმლის პოლიკისტოზი და სხვა.
სპეციფიკური ჩივილები ანევრიზმას არ აქვს. უფრო ხშირად კვლევის დროს ხდება მისი აღმოჩენა. ხშირად პაციენტები გვეუბნებიან, რომ უცნაური თავის ტკივილი აქვთ. რაც იმის მიზეზი ხდება ხოლმე, რომ ისინი თავზე ტომოგრაფიას იღებენ. ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია ნამდვილად არ არის, რომ პროფილაქტიკისთვის ყველამ გაიკეთოს თავზე ტომოგრაფია. ეს რეკომენდაცია ეხება რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებს, მათ, ვის ოჯახშიც პირველი ნათესაობის რიგს ჰქონია სისხლჩაქცევა ან იშემიური ინსულტი თავში.
როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტირება?
დიაგნოსტირების პირველადი მეთოდი MR ანგიოგრაფიაა, ხოლო შემდეგ ანატომიის დასაზუსტებლად სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება.
ანევრიზმის მკურნალობა რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?
ანევრიზმის მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს – ღია ქირურგიული და ენდოვასკულური. მკურნალობის მეთოდი, ინდივიდუალურად, იმის მიხედვით ირჩევა, რა უფრო ოპტიმალურია პაციენტისთვის.
ღია ქირურგია ტრეპანაციის გაკეთებას გულისხმობს, რომლის დროსაც ანევრიზმაზე იდება კლიფსი და ირთვება სისხლის მიმოქცევიდან.
ენდოვასკულური ანევრიზმების დახურვა ხდება ფეხის არტერიიდან, რომლის დროსაც სისხლძარღვის შიგნით ხდება მანიპულაცია და ანევრიზმის ტრეპანაციის გარეშე დახურვა. თუ ყველაფერი კარგად წავა, პაციენტი 2-3 დღე იმყოფება კლინიკაში და შემდეგ ხდება მისი გაწერა სახლში.
რა პრევენციული ზომები შეიძლება მიიღონ პაციენტებმა, რომ თავიდან აიცილონ ანევრიზმა და რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ, იმ პაციენტებისთვის ვისაც ეს დიაგნოზი უკვე დაუსვეს?
რჩევები პირველ რიგში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვაა, სიგარეტის მოწევისგან თავშეკავება, არტერიული წნევის კონტროლი და სპორტი.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, კლინიკის ქოლცენტრში წინასწარი ჩაწერით, უფასო კონსულტაცია გაიარონ კლინიკის ნეიროქირურგ ქეთევან მიქელაძესთან

ასევე დაგაინტერესებთ