და ასე, “ტროის ცხენით” შევიდა ქართველი არტისტი იმ ქვეყნის ეროვნულ პავილიონში, რომელიც ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, ვისაც აღიარებული აქვს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
საბოლოოდ, თედოს ნამუშევარი, ნიჟარა ზედ გამოსახული აფხაზეთის ქალაქების პეიზაჟებით და აუდიოინსტალაცია, სადაც ზღვის და თოლიების ხმას მოულოდნელად ცვლის ომის და სასოწარკვეთილი ადამიანების ხმები, ვენეციის ბიენალეს დებიუტანტის – ნაურუს პავილიონის გამხსნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.
2026 წელს ამ პავილიონში სამმა კურატორმა 11 არტისტი წარადგინა – მათგან მხოლოდ ერთი იყო ნაურუდან. თემები, რომელთა გარშემოც გამოფენის კონცეფცია ტრიალებდა, იყო იმპერიალიზმი, ეკოლოგიური კატასტროფები და დანაკარგები. თედო განმარტავს, რომ მისი ნამუშევარიც, დანაკარგზეა – ომით გამოწვეულ დანაკარგზე.
ეს ინტერვიუ, ვენეციიდან მისი სამშობლოში დაბრუნების მეორე დღეს, 13 მაისს არის ჩაწერილი.
– ვინ დატროლე ამ ნამუშევრით, ბიენალე, ნაურუ თუ რუსეთი?
– ნაურუ.
– მაშ მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი ამ ამბავში გახვეული?
– ეს არის კომიკური ისტორია კომიკური დასაწყისით. პარიზში ვიყავი, როგორც ჯგუფური გამოფენის მონაწილე და იქ მოვიდა ერთი ჩემი ნაცნობი არტჟურნალისტი, რომელმაც მოიტანა ამბავი, რომ ახალი ქვეყანა გამოდის ბიენალეზე, მხატვარს, ფერმწერს ეძებდნენ და აინტერესებდა, ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას.
გამიხარდა ეს შესაძლებლობა, რომ შეიძლება ბიენალეზე მოვმხვდარიყავი. მან არ მითხრა, რომელ ქვეყანაზე იყო ლაპარაკი, თუ დათანხმდები, ვეტყვი და თვითონ მოგწერენო. საღამოს მივიღე ოფიციალური წერილი და აღმოჩნდა, რომ ნაურუზეა ლაპარაკი. გამეცინა და დავწერე დელიკატური უარის წერილი ამ ჩემი ნაცნობისთვის, სადაც ვწერდი, რომ არ გამოვიდოდა ჩემი იქ მონაწილეობა.
მაგრამ მერე ვიფიქრე ერთი დღე და მოვიფიქრე ასეთი რაღაც, რომ ვცდი ახლა ჩემსას, შევთავაზებ, რომ მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ მარტო აფხაზეთის თემაზე ვიმუშავებ და ჩემი კონტექსტით, როგორც მე მინდა, იმ მიმართულებით. ვიდეოქოლი მოვითხოვე კურატორებთან – ისინი დაინტერესდნენ, როგორც ჩანს იგრძნეს პროვოკაციული მანიფესტის ხასიათი და დამთანხმდნენ. მერე უკვე პროექტზე დავიწყე მუშაობა, ვიზუალიზაცია გავაკეთე და ერთ თვეში მომივიდა წერილი, რომ პავილიონი ჩემი ნამუშევრით გაიხსნებოდა.
ჩემი ნამუშევარი არის ნიჟარა, აფხაზეთის სანაპიროდან აღებული ნიჟარა, რომელსაც ყურზე თუ მიიდებ, ზღვის ხმებს გაიგონებ. ეს იდეა დევს, რომ მას ახსოვს ის რეალური ისტორია, რაც იქ მოხდა.
ამ ნიჟარაზე 6 ქალაქის ხედებია: გულრიფშის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, ბიჭვინთის და ოჩამჩირის. ეს ნახატები ჰგავს იმას, რასაც დედა გვიყვებოდა ხოლმე, რომ დანარჩენ საქართველოში როცა ციოდა და თოვდა, იქ ყველაფერი მწვანე იყოო.
მე ზოგადად დიდი ოჯახი მაქვს და ჩემი ოჯახის არაერთ წევრს ჰქონდა აფხაზეთში სახლი. ჩვენც დევნილის სტატუსი გვაქვს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ნამუშევრის კონცეფცია ჩემთვის ძალიან პირადი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ქართველისთვის, არამედ იმ ადამიანისთვის, რომლის ოჯახსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა აფხაზეთთან. ვრცლად




