ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, ეთერში არ განათავსონ არაეთიკური საარჩევნო ვიდეორგოლი.
ტელეკომპანიები, „მთავარი არხი“, „ტვ-პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, არ აპირებენ ეთერში გაუშვან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები, სადაც ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.
ჰიპოთეზურ საფრთხეებზე აპელირება და ამ საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გარანტად საკუთარი თავის წარმოჩენა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში.
