სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტის, იოვანე მჭედლიშვილის თქმით, შენდობას ითხოვს დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე, რადგან ხატის ტაძარში დაბრძანება საპატრიარქოს არ აცნობა.
“მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.
ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან” – წერს არქიმანდრიტი Facebook-ის პირად გვერდზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.
9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.
10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქომ 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია – “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.
საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გუშინ, 11 იანვარსაც გაავრცელა და მრევლს მოუწოდა, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.