მცხეთის სოფელ ერედაში 29 წლის კაცმა თანასოფლელებს სცემა – 2 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

მცხეთის სოფელ ერედაში 29 წლის კაცმა თანასოფლელებს სცემა. ტვ პირველის ინფორმაციით, გუგა ფოცხვერაშვილმა ორ ადამიანს – კობა ჭეიშვილს და კობა ტეზელაშვილს, მძიმე დაზიანებები ცულისა და ჩაქუჩის გამოყენებით მიაყენა. ნაცემები კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” არიან გადაყვანილები და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ.
ირკვევა, რომ თანასოფლელები ერთ-ერთი მეზობლის ბინაში იყვნენ შეკრებილები, სადაც მათ ფოცხვერაშვილი მიუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
„ჩემი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია. წევს მცხეთის საავადმყოფოში. სახლის ძვლები აქვს სულ ჩამსხვრეული, არცერთი ძვალი არ არის მთელი. გუშინ გაუკეთდა ოპერაცია. 8 საათი მიმდინარეობდა ეს ოპერაცია. როგორც ექიმმა თქვა, როგორც შევძელით ავკინძეთ ეს პატარ-პატარა ძვლებიო. ასე გავიგე, რომ ჰქონდა ჩაქუჩი, სამზარეულოს რაღაც მოწყობილობა და სახეში აქვს ნარტყამი“ – ამბობს ნაცემი კაცის ცოლი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფოცხვერაშვილი და დაზარალებულები ნათესავები არიან. რა გახდა მომხდარის მიზეზი, მათთვის უცნობია.
როდესაც ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს და ნაცემი მამაკაცებისთვის დახმარებას ცდილობდნენ, ადგილზე იმყოფებოდა თავად თავდამსხმელიც და ისიც მათ დახმარებას ცდილობდა.
მათივე ინფორმაციით, გუგა ფოცხვერაშვილმა სოფლიდან გაქცევა სცადა. მას ტაქსიც ჰყავდა დაქირავებული და ვლადიკავკაზის მიმართულებით გეგმავდა წასვლას, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება თბილისში მოახერხა.
გამოძიება მომხდარზე ცემის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. დაზარალებულების ოჯახის წევრები კი მუხლის გადაკვალიფიცირებას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვენ (მთავარი არხი)