მცხეთის ავტომაგისტრალზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება

“ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს. შესაბამისად, მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს ამ მიმართულებით,” – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე მაგისტრალურ გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების სამუშაოების მონახულების შემდეგ.
ცნობისთვის, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.
როგორც ცნობილია, ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი და უკვე დაიწყო სამუშაოები.
სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
სამუშაოების დასრულება 3 თვეში იგეგმება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…