“მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო იქნება” – მდინარაძემ კანონპროექტი წარადგინა

“ქართული ოცნება” ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს და სადავო პარლამენტში შესაბამის საკანონმდელო ცვლილებებს არეგისტრირებს.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ კანონპროექტის წარდგენისას თქვა, რომ “ანტინარკოტიკულ რეფორმაზე” “ქართული ოცნების” მთავრობასთან ერთად იმუშავეს.
მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის რამდენიმე ძირითადი ცვლილება წარადგინა:
· “ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი, ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
· “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
· 2025 წლის პირველი ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები”.
რაც შეეხება მარიხუანას, მდინარაძის განმარტებით, გამკაცრდება მისი გაყიდვა.
“გასაღებად ითვლებოდა ყველანაირი სახის გადაცემა აქამდე. ჩვენ შემოვიტანეთ გაყიდვის ცნება… ყველა შემთხვევაში რეალიზაციას და გარკვეული თანხის მიცემას ნიშნავს, რა სიტყვით გამოვხატავთ ამას არ აქვს მნიშვნელობა… გასაღება, ზოგადი იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკი ერთმა ადამიაანმა მეორეს გადასცა, აჩუქა, არის ხოლმე შემთხვევები… საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო ამაზე და რჩება ასე, მაგრამ თუკი პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზებას ახდენს ანუ ყიდის ნარკოტიკს, აქ სასჯელები კიდევ უფრო მკაცრდება”, – თქვა მან.
მდინარაძის განცხადებით, ცვლილებები შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებს.