„ჩვენ, ემიგრაციაში გაფანტულ ქართველებს, დღეს გვაუწყეს, რომ საქართველოს მომავალი ჩვენს გარეშე გადაწყდება…
დღეს ქართველ ემიგრანტებს გვითხრეს, რომ ხმა აღარ გვაქვს და რომ ჩვენი ხმა აღარ უნდა ისმოდეს…
სულ რაღაც ერთი გადაწყვეტილება და საქართველო თითქოს თვალს გვარიდებს.
ის საქართველო, რომლისთვისაც ქართველნი ემიგრაციაში დღეებსა და ღამეებს შრომაში ვათენებთ და ვაღამებთ, ვიღაც ოჯახს შორდება მრავალი წლით, ვიღაც შვილებს უყურებს ტელეფონის ეკრანიდან,
ვიღაც კი საკუთარ თავს ეუბნება: „ეს ყველაფერი ღირს, ოღონდ საქართველო წინ წავიდეს.“
ეს არ არის კანონის უბრალო ცვლილება.
ეს არის იგნორირება მრავალი გულის, რომელშიც საქართველო დღემდე ცოცხლობს!
დღეს ჩვენი ხმის უფლება, რომელიც გვერგო როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად ჩამოგვართვეს. მტკივნეულია. მტკივნეული და სხვა არაფერია.
რადგან ჩვენ ვიცით – ემიგრანტების ხმა ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო, ყოველთვის ქვეყნის მომავლისკენ იყო მიმართული.
ჩვენ არ გვსურს პრივილეგია, არამედ უფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გვაძლევს.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ვინც ოჯახებისგან შორს ვშრომობთ, ვიღწვით, ვისაც სამშობლო დღეში მინიმუმ ათჯერ გვახსენდება და ვისაც საქართველოზე ფიქრი არასდროს გვწყდება, ახლა არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შევძლებთ ისე, როგორც წლების განმავლობაში შეგვეძლო.
საშინელია იმის შეგრძნება, რომ ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ხმა და ჩვენი ადგილი სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქოს აღარ არის.
მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სწორედ ემიგრანტები არიან ის ძალა, რომელიც ქვეყანას ერთიანს, მრავალფეროვანს და ძლიერს ხდის.
ქართველო ემიგრანტებო,
ჩვენ საყვედური კი არა – სამართალი გვინდა.
გულში ტკივილი კი არა – ის პატარა სივრცე გვინდა, სადაც ჩვენი თავისუფალი არჩევანი კვლავ იარსებებს.
ჩვენ ყველგან ვართ – ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, მაგრამ გული მაინც საქართველოში გვიცემს.
და ვინც დღეს ჩვენს ხმას გვართმევს, სწორედ ამას ვერ ხვდება: საქართველოს სიყვარული გეოგრაფიულ საზღვრებს არ ცნობს!
ჩვენ შვილებს ვზრდით უცხო ხმაურის შუაგულში, მაგრამ ქართულ “იავნანას” ვუმღერით გულით.
ჩვენ ვართ საქართველოს ნაწილი და
არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ.
ჩვენი პასპორტი არ არის უბრალოდ დოკუმენტი,
ეს არის იდენტობა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს.
ჩვენი ხმა არ არის საფრთხე!
ჩვენი ხმა არ არის „გარე ზეწოლა“!
ჩვენი ხმა ქართული ხმაა, უბრალოდ სხვა ქუჩიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან!“
მღვდელმონაზონი იერონიმოს ქათამაძე




