„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება მუხანათური და ძალიან ბინძური საქციელი მაშინ, როცა ოპოზიციის სხვა ლიდერები ციხეში რჩებიან.
როგორც ციხის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, მხოლოდ მისი და ბადრი ჯაფარიძის გამოშვება მათი გაშავებისთვის მოხდა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, იმ ადამიანებს, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო მედიას ჩვენი მხარდაჭერისთვის. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. იცით, რომ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს.
ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვებას აბსოლუტურად არ ველოდებოდით. გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს შავი პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, რადგან ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანების თავისუფლებით მანიპულირება, კანონის ფეხქვეშ გათელვა და ადამიანებით ვაჭრობა.
თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც აბსოლუტურად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას, იყენებს მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს, 5 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 23 ივნისს დააკავეს. მათ მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე მიზეზით პატიმრობაში არიან: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
