მუშთაიდის პარკთან სასტუმროს მშენებლობა იგეგმება – პროექტის დეტალები

თბილისში, მუშთაიდის ბაღთან სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. შპს „მუშტაედი-2010“-მა პროექტი უკვე შეათანხმა და არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასტუმრო 54 ნომრიანი იქნება, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი.
„საპროექტო ობიექტი არის სასტუმრო, სადაც განთავსდება 54 ნომერი, რესტორანი და საკონფერენციო. შენობა კონსტრუქციულად წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას, მონოლითური კოჭებით და მონოლითური სართულშუა გადახურვით. კედლები გათვალისწინებულია წვრილი ზომის ბეტონის ბლოკებისაგან. საძირკვლის ფუძედ მიღებულია ხრეში ქვიშის შემავსებლით. საძირკვლის ტიპად მიღებულია მონოლითური საძირკვლის ფილა.
გთხოვთ, გასცეთ მშენებლობის ნებართვა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე. ამასთან, ვინაიდან არსებულ შენობის 95.67 კვ.მ. ფართი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, გთხოვთ, არსებული შენობის ნაცვლად, სასტუმროს მშენებლობის თაობაზე დადებითი პოზიციის დასაფიქსირებლად საკითხი გადააგზავნოთ ქონების მართვის სააგენტოში. დამატებით განვმარტავთ, რომ შეთანხმებული სატრანსპორტო სქემის შესაბამისად საკადასტრო ერთეული დაიტვირთება სერვიტუტით შენობის დემონტაჟის შემდგომ, მანამდე რეესტრი არსებულ შენობაზე სერვიტუტს ვერ დაარეგისტრირებს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მშენებლობის გეგმის მიხედვით, საერთო ფართობი 3330 მ2-ს, სასტუმროს ნომრების ფართობი 1139.90 მ2-ს, სამშენებლო მოცულობა 11122.88 მ3-ს; ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 18.20 მ-ს შეადგენს.
შპს „მუშტაედი-2010“-ის 100%-იან წილს მალხაზ სოლომნიშვილი ფლობს, რომელიც გარდა არსებული კომპანიისა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მეწილეცაა.