ისრაელის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართველი მუსიკოსის და პოეტის, ერეკლე დეისაძის პოზიციას ისრაელის სახელმწიფოს შესახებ. საელჩო მას ანტისემიტსაც უწოდებს.
„ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა… გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა”, – წერია სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ისრაელის საელჩოს განცხადებით, დეისაძის სიტყვები უნდა დაიგმოს.
„ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა ჰამასს, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს.
მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი „ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური.
ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი”, – აცხადებს საელჩო.
საელჩომ სოციალური ქსელებიდან გამოაქვეყნა ერეკლე დეისაძის კომენტარებიც, რომლებშიც მუსიკოსი წერს, რომ „ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს”. ისრაელს კი მან „ოკუპანტი სახელმწიფო” უწოდა.
საელჩოს განცხადებას ერეკლე დეისაძე გამოცემა „პუბლიკასთან” თავისივე სიმღერის ტექსტის პერიფრაზით გამოეხმაურა: „თქვენ დგახართ იქ, სადაც „ჰამასს“ უნდა. თანდათან ხდებით, რაც „ჰამასს“ უნდა. თქვენ გავხართ „ჰამასს“.
ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებს 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასი (რომელიც ისრაელის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული) შეიჭრა მისი ტერიტორიის სამხრეთში. ისრაელის მონაცემებით, მათ 1400 ისრაელელი მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს. მათი ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.
პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორზე, ისრაელის არმიის საპასუხო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ღაზის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 22 ათასს მიაღწია.
გაეროს თანახმად, მოსახლეობის 85 პროცენტი დევნილია ალყაშემორტყმული რეგიონის შიგნით.
ისრაელმა უარყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მისთვის სამხრეთ აფრიკის მიერ წაყენებული ბრალდება, რომ ისრაელი ღაზაში წარმოებული ომით გენოციდს ახორციელებს პალესტინელთა წინააღმდეგ. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომთან პარალელების გავლებას “აბსურდი” უწოდა.
სამხრეთმა აფრიკამ წარადგინა 84-გვერდიანი საჩივარი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელი პალესტინელების მიმართ გენოციდს ახორციელებს, რადგან ხოცავს მათ ღაზაში, სერიოზულ ფიზიკურ და მენტალურ ზიანს აყენებს და ქმნის პირობებს, რომლებიც გათვლილია პალესტინელების ფიზიკურად გასანადგურებლად.