“გასაგებია, რომ ფოკუსირებულია კონკრეტული სამიზნე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული მიზანი იყოს ამაში […] ჩემგან განსხვავებით, ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად. მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე ვისაუბრო, ოღონდ ათეულობით ადამიანი […] მე შემიძლია, ყველაფერი ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ […] მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან, 60 ტრაგედია. მე აგერ ვარ, რაში სჭირდება ამდენი რესურსის დახარჯვა. ამოცანა შესრულებულია, ეს პროპაგანდა იმხელა ტალღა იყო […] კი ბატონო, გამაშავეთ, რამ შეიძლება გამათეთროს […] 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში და 60 ადამიანი იტანჯება, ეს ოჯახის ტანჯვაც არის. ამ ადამიანებისთვის ეს ადვოკატი ხარჯია, დიდი ტრაგედიაა […] ეს ხალხი ახლა გავიცანი [მიუთითებს, ვისაც არ იცნობს] ამ სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილან და ამისთანა რამდენია.
რაღაც არსებობს, რაღაც ზომიერება, განსაკუთრებით მაშინ, რომ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ამოცანა, შესრულებული იყოს, ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა […] ყველაზე მურტალი მუხლი […] 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი […] საქართველოში სულ ასეთი აქციები იყო, სხვა ტიპის აქციები უბრალოდ არ ყოფილა. გავიგეთ, რომ ახლა ეს სტანდარტია, შეგუეული ვარ რომ კარგი ცხოვრება არ მექნება, ამ ადაიანებს სხვა თვალით შეხედეთ რა, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრებთ, შევეჩვიეთ, მაგრამ ამ 60 ადამიანსაც არ ჰყავს მომკითხავი […] შიშია, ასეთი რაღაც ხდება […] ჩემი გულწრფელი პოზიციაა”. – თქვა სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ.
საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 10 პირის: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის, თორნიკე მჭედლიშვილისა და ირაკლი შაიშმელაშვილის პროცესი მიმდინარეობდა.




