მტკვარში მანქანის მგზავრების ძებნისას აითაჯ მამედოვას ცხედარი იპოვეს – რადიო „მარნეული“

რადიო „მარნეულის“ ცნობით, მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი მანქანის მგზავრების ძებნისას ასევე იპოვეს აითაჯ მამედოვას ცხედარი, რომელსაც ოჯახი პირველი აპრილიდან ეძებს.
მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრების ძებნისას 14 მაისს მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ბუნებრივ ნიშნულამდე შეამცირეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ძებნა-შველის ოპერაციის დროს 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთაგან 2 მანქანის მგზავრებს ეკუთვნის, კიდევ 2 ცხედარი კი კაცის და ქალისაა, მანამდე გარდაცვლილების, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერ ვერ უდასტურებენ არის თუ არა ქალის ნაპოვნი ცხედარი აითაჯ მამედოვასი.
თუმცა რადიო „მარნეულს“ ქალის ბიძამ დაუდასტურა, რომ ცხედარი აითაჯ მამედოვასია.
როგორც რადიო „მარნეული“ წერს, 21 წლის აითაჯ მამედოვა 1 აპრილს, ღამის საათებში გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ბოლოს თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. სწორედ ამ ადგილას იპოვეს მისი პირადი ნივთები — ფეხსაცმელი, ჩანთა და მობილური ტელეფონი.
„პოლიციამ ოჯახს განუცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, თუმცა ვიდეომასალა ოჯახის წევრებისთვის არ უჩვენებიათ. ოჯახის მტკიცებით, გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებები საძიებო სამუშაოებში სათანადოდ არ ერთვებოდნენ.
„ერთი ნავიც კი არ მინახავს წყალში… ჩვენ ოთხი კაცი — ბიძაშვილი, მეზობლები და მე — ჩვენი ძალებით ვატარებთ გამოძიებას,“ — ამბობდა აითაჯის ბიძა, რასულ ომაროვი. ოჯახის წევრები ყოველდღიურად მიდიოდნენ მდინარის ნაპირზე და თვითნაკეთი ტივტივათი — პლასტმასის ბოთლებისა და კაბელით შეკრული კონსტრუქციით — ცდილობდნენ გოგოს მოძებნას“, – წერს რადიო „მარნეული“.
რადიო „მარნეულის“ თანახმად, 15 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ მტკვარში მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობდა, პროცესში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა.
თუმცა მედიის ცნობით, ოჯახი ამას პრაქტიკაში ვერ ხედავდა.
„სახელმწიფო უბრალოდ ელოდება, რომ ფასიან ნავებს დავიქირავებთ — ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ — აცხადებდა რასულ ომაროვი.