რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მიიტანეს მორიგი იერიში, რომელსაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მორიგი საავიაციო დარტყმის ქვეშ, რომელსაც თან ახლად საარტილერიო შეტევაც, 16 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. დაიღუპა 5 და დაიჭრა 9 ადამიანი. დაზიანებულია სახლები.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქის ორ რაიონში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია სამოქალაქო საწარმო და რამდენიმე კერძო სახლი.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ნიკოპოლის და მარგანეცის რაიონებში 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, სახანძრო ნაწილი, მაღაზია და ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. საწარმო დაკონკრეტებული არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 2 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა Shahed-ის ტიპის 80 დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა სახეობის უპილოტო-იმიტატორები და 3 ბალისტიკური და 1 ფრთოსანი რაკეტა.
სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ უკრაინის აღმოსავლეთში, სამხრეთსა და ჩრდილოეთში გაანადგურა ან გააუვნებელყო 52 დრონი.
ფორუმი
