მსოფლიო ლიდერები რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ
მსოფლიო ლიდერები რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ეს ისტორიული მომენტია კათოლიკური ეკლესიისა და მილიონობით მორწმუნისთვის.
„ისტორიული მომენტი კათოლიკური ეკლესიისა და მისი მილიონობით მორწმუნისთვის. პაპ ლეო XIV-ს, საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ყველა კათოლიკეს ვულოცავ. წელს, 8 მაისს, ეს ახალი პონტიფიკატი მშვიდობისა და იმედის დღე იყოს“, – წერს ემანუელ მაკრონი.
რობერტ ფრანცის პრევოსტს კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად არჩევას ასევე ულოცავს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი კაია კალასი.
„გულწრფელად გილოცავთ. თქვენი უნიკალური როლი გლობალურ დიპლომატიაში აუცილებელი იქნება დიალოგის, ერებსა და კულტურებს შორის ურთიერთგაგებისა და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობისთვის. მოუთმენლად ველოდები ევროკავშირისა და წმინდა საყდრის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.
რობერტ ფრანცის პრევოსტს პონტიფიკოსად არჩევას ულოცავს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. როგორც მელონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, კონფლიქტებითა და არეულობით აღსავსე დროში, მისი სიტყვები მშვიდობის, პასუხისმგებლობისკენ ძლიერი მოწოდებაა.
„პაპ ლეო XIV-ს ვუგზავნი ყველაზე გულწრფელ სურვილებს მისი პონტიფიკატის დაწყებისას. კონფლიქტებითა და არეულობით აღსავსე დროში, მისი სიტყვები მშვიდობის, ძმობისა და პასუხისმგებლობისკენ ძლიერი მოწოდებაა. სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც მიჰყვება პაპ ფრანცისკეს მიერ გაკვალულ გზას და რომელსაც იტალია პატივისცემით, იმედით უყურებს“, – წერს ჯორჯია მელონი.
რობერტ ფრანცის პრევოსტს კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად არჩევა ასევე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, იმედოვნებს, რომ ვატიკანის სულიერი მხარდაჭერა გაგრძელდება უკრაინის მცდელობებში, აღადგინოს სამართლიანობა და მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას.
„ვულოცავ პაპ ლეო XIV-ს წმინდა პეტრეს საყდარში არჩევას და მისი პონტიფიკატის დაწყებას. უკრაინა ძალიან აფასებს წმინდა საყდრის თანმიმდევრულ პოზიციას საერთაშორისო სამართლის დაცვაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაგმობასა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვაში. ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ვიმედოვნებთ, რომ ვატიკანის მორალური და სულიერი მხარდაჭერა გაგრძელდება უკრაინის მცდელობებში, აღადგინოს სამართლიანობა, მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას. პაპ ლეო XIV-ს ვუსურვებ სიბრძნეს, შთაგონებას და ძალას – როგორც სულიერს, ასევე ფიზიკურს, მისი კეთილშობილური მისიის შესრულებაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევა მიულოცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
„პაპ ლეო XIV-ის არჩევა დიდი სიხარულის მომენტია გაერთიანებული სამეფოსა და მთელ მსოფლიოში კათოლიკეებისთვის. ეს ეკლესიისა და მსოფლიოს ხელმძღვანელობისთვის ახალი თავის დასაწყისია. პაპი ლეო პირველი ამერიკელი პაპია. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. როგორც პაპ ფრანცისკეს პაპობამ აჩვენა, წმინდა საყდარს განსაკუთრებული როლი აქვს შესასრულებელი ადამიანებისა და ერების გაერთიანებაში, რათა გადაჭრას ჩვენი დროის ძირითადი საკითხები, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებასთან, სიღარიბის შემცირებასთან და მთელ მსოფლიოში მშვიდობის, სამართლიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას და კათოლიკურ ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აქ, დიდ ბრიტანეთსა და საერთაშორისო დონეზე, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და საერთო სიკეთის წინსვლის მიზნით“, – წერს კირ სტარმერი სოციალურ ქსელ X-ში.
კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.
