მსოფლიო ბანკი – ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შენელდა, თუმცა რეგიონი უწყვეტი გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს

ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (ECA) შენელდა, თუმცა რეგიონი უწყვეტი გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას ეხება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რეგიონული მშპ წელს, სავარაუდოდ, 2.4 პროცენტით გაიზრდება, რაც ნაკლებია 2024 წლის 3.7 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით და ძირითადად განპირობებულია ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპით ს ფედერაციაში. მათივე განმარტებით, რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების, დაახლოებით, 40 პროცენტი მოდის, ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, მცირედ შეიცვლება და მიმდინარე და მომდევნო წელს დაახლოებით 3.3 პროცენტი იქნება.
„რეგიონის განვითარებადმა ქვეყნებმა თამამი რეფორმები უნდა განახორციელონ იმისათვის, რომ მდგრადობა პროდუქტიულობის, წარმოების და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან ზრდად გარდაქმნან რეგიონის ცვალებადი დემოგრაფიის შესაბამისად და გამოიყენონ თავისი ბუნებრივი უპირატესობები. ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გაძლიერება, განათლების დონის ამაღლება და კავშირების გაუმჯობესება საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მასშტაბით, მეტი კერძო კაპიტალის მოზიდვის პარალელურად. რეგიონისთვის გამოწვევას წარმოადგენს სამუშაო შესაძლებლობების გაზრდა და დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილების მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობებად გარდაქმნა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ.
ანგარიში მიუთითებს, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და კერძო კაპიტალის მობილიზება მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით.
მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ ქვეყნებმა სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინვესტიციების განხორციელება უნდა დაიწყონ – როგორც ფიზიკურ, ისე ადამიანურ კაპიტალში. ასევე, აუცილებელია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ქალებსა და ახალგაზრდებში, რომლებიც არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი სამუშაო ძალაში, ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი პოტენციალი.
ამასთან, მათივე განმარტებით, რეგიონმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი რაოდენობა შექმნა, თუმცა შენელებული ეკონომიკა, პროდუქტიულობის კლება და რეფორმების სუსტი იმპულსი ზრდის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებლის 12 -პროცენტიანი მატება აღინიშნა, განსაკუთრებით კი სერვისებში, რომლებიც ახლა სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს შეადგენს, ანგარიშის თანახმად, შესაძლებლობების უმეტესობა წარმოდგენილია შემოსავლის დაბალი პოტენციალის მქონე შედარებით დაბალკვალიფიციური სამუშაოს სახით.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში განმარტებულია, რომ დემოგრაფიული წინააღმდეგობები საფრთხეს უქმნის შრომის ბაზრის მდგრადობას: შრომისუნარიანი მოსახლეობა, პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში 17 მილიონით შემცირდება და ეს კლება კონცენტრირებული იქნება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. მათივე პროგნოზით, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში შრომისუნარიანი მოსახლეობა გაიზრდება და შრომის ბაზარზე განსხვავებული ტიპის ზეწოლას მოახდენს. სტრუქტურული დაბრკოლებები, როგორებიცაა, მაგალითად, მცირე ფირმების სიჭარბე, განუვითარებელი საკრედიტო და ვენჩორული საფინანსო ბაზრები, განათლებისა და სწავლების არაეფექტური სისტემები, დაქვეითებული კონკურენცია და დინამიზმის და ბაზრის ეფექტიანობის შემაფერხებელი სახელმწიფო საწარმოები, ზღუდავს რეგიონის პოტენციალს.
„თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავისი მიდგომის იმგვარი ცვლილება, რომ საუკეთესოდ გამოიყენოს თავისი აქტივები – ადამიანური ტალანტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციები და ბუნებრივი რესურსები. სამუშაო შესაძლებლობების გაფართოება სარგებელს მოუტანს თითქმის ყველა დასაქმებულ პირს, რამდენადაც სხვადასხვა დარგი უნარების განსხვავებულ ნაკრებს მოითხოვს. აღნიშნულ სფეროებზე ფოკუსირება პოლიტიკის შემმუშავებლებს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, რომ რეაგირება მოახდინონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.