„მოხარული ვარ, რომ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს“ – იოახიმ შტამპი

მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა.
როგორც იოახიმ შტამპი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივი ჩარჩო იქმნება.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განახადების შემცირებისა და მოწესრიგებული მიგრაციის გაძლიერებისთვის, რაც სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. ამ მიზნით, ჩვენ ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ დაუყოვნებლივ ავამოქმედებთ ექსპერტთა ჯგუფებს, რათა მომზადდეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების შემცირებისთვის და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდისთვის, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის პერსპექტივებს და ამასთან, არ მოახდენს ე.წ. ბრეინდრეინს (ტვინების გადინებას). ზემოაღნიშნული თანამშრომლობისთვის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სასარგებლოა ორივე მხარისთვის და რომელსაც კიდევ უფრო განვავითარებთ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ სამუშაო ძალების მოძიება ჩვენი პარტნიორების დაზარალების გარეშე, ასევე ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დარჩენის პერსპექტივა, არ დაადგებიან ამ გზას.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ საქართველოს, რომლის კულტურული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ევროპისთვის. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთგაცვლას, რომელზედაც შეთანხმება გავაფორმეთ. მადლობას ვუხდი საქართველოს კარგი თანამშრომლობის დაწყებისთვის“, – წერს იოახიმ შტამპი.