მდაბალი ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მუხლმოდრეკით გთხოვთ, შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიედ, ვისი თხოვნაც ვერ გავითვალისწინე, ვისი ტკივილიც ვერ გავითავისე… შემინდეთ და მაპატიეთ ყოველი. შევთხოვ უფალს, მეოხებითა ყოველთა წმიდათა მისთათა, შემინდოს შეცოდებანი ჩემნი და მომმადლოს ძალა ღვთისა და თქვენი ერთგულებისა, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ პატრიარქის მიმართვაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს მიმართავს და მათგან შენდობას ითხოვს. უწმინდესი ასევე ლოცავს მრევლს და შესთხოვს უფალს, შეუნდოს მათ ცოდვები.
პატრიარქის თქმით, ადამიანს ხშირად უჭირს სხვისთვის პატიების თხოვნა ან წყენის დავიწყება.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს, – მკვიდრთა საქართველოისათა და საზღვარგარეთ მცხოვრებთ
მოწყალებითა ღმრთისაითა კვლავ დადგა დიდმარხვის წინადღე, დღე შენდობისა და ურთიერთ ცოდვათა მიტევებისა.
ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, – სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის, აღასრულა მრავალი სასწაული (რომლებიც სრულად რომ აღეწერათ, ქვეყანაც ვერ დაიტევდაო დაწერილ წიგნებს, – ბრძანებს მოციქული), განკურნა ბრმანი, მკელობელნი, დავრდომილნი, კეთროვანნი, აღადგინა მკვდარნი… იმედი, ნუგეში, სიხარული მოჰფინა მრავალთ, მაგრამ სწორედ იგი მიიჩნიეს ბოროტის მსახურად და უმაღლესი და, ამავე დროს, დამამცირებელი სასჯელი, – ჯვარზე გაკვრა და სიკვდილი მიუსაჯეს.
და ამ დროსაც კი მაცხოვარი მამა ღმერთს ავედრებდა იმ ხალხს, რომელმაც გაწირა და არ დაიცვა იგი და სთხოვდა, ეპატიებინა მათთვის ეს ბოროტება და არ მოეხსენებინა უსჯულოებათნი მათნი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავსი სულიერება არა გვაქვს, მაგრამ, ძალისამებრ, ჩვენისა ასეთი ნაბიჯების გადადგმა ჩვენც გვმართებს თუ გვსურს, ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ, თუ გვსურს, მოჩვენებითად კი არ გვერქვას მორწმუნენი, არამედ რეალურად.
ღვთის გულისათვის, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი.
მეც, მდაბალი ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მუხლმოდრეკით გთხოვთ, შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიედ, ვისი თხოვნაც ვერ გავითვალისწინე, ვისი ტკივილიც ვერ გავითავისე… შემინდეთ და მაპატიეთ ყოველი. შევთხოვ უფალს, მეოხებითა ყოველთა წმიდათა მისთათა, შემინდოს შეცოდებანი ჩემნი და მომმადლოს ძალა ღვთისა და თქვენი ერთგულებისა.
ასევე ვთხოვ ყოვლადმოწყალე იესო ქრისტეს, მეოხებითა ყოვლადწმინდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისათა, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი; აღმოფხვრას ჩვენგან განკითხვის სული, შური, მტრობა და ღვარძლი, ყოველი ბოროტი საქმე… და მოგვმადლოს გული გონიერი, გული წმინდა და სული წრფელი, რათა უფალმან ღირს გვყოს, დაემკვიდროს ჩვენთანა და ჭეშმარიტების გზით წარმართოს ცხოვრება ჩვენი.
ყოვლადწმინდა სამებამ მოგვანიჭოს მშვიდობა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა, ამინ!“, – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.
