მოშიმშილე პატიმარზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა — გიორგი ჩიკვაიძის დედა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ახლობლების ცნობით, მოშიმშილე პატიმართან ციხის საავადმყოფოში 22 მარტს ორი პირი შევიდა, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და მასზე ზეწოლა სცადეს.
ამასთან დაკავშირებით საუბრობენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი და ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი.
პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძესთან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ადვოკატის ვიზიტის შემდეგ ორი პიროვნება იმყოფებოდა, რომლებმაც თავი ფსიქოლოგებად წარადგინეს.
„მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს. ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაჰყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას. ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი. ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი“, — წერს ირაკლი პაპიაშვილი.
სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გიორგი ჩიკვაიძესთან სისტემატურად შედის აპარატის წარმომადგენელი და დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
კომენტარს აკეთებს გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიმართავს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
„მე მივმართავ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და პოლიტპატიმრებზე, ასევე დიპლომატიურ კორპუსს: მინდა, იცოდეთ, რომ გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში ჩემს შვილზე დაიწყეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჯერ ერთი, არავის ნდომებია, რომ იქ ფსიქოლოგები შესულიყვნენ და ფსიქოლოგებს ცოტა სხვა ფუნქცია აქვთ, როცა შედიან მოშიმშილე პატიმართან. ჩემთვის სრულიად გასაკვირია, რა გამოსაძიებელია მისი პოლიტიკური პრეფერენციები. ამას ფსიქოლოგები არ აკეთებენ. დღეს ესენი არიან ფსიქოლოგები, ხვალ შეიძლება, ისინი გახდნენ „ფსიქიატრები“. დაამთავრეთ და შეწყვიტეთ რუსული კაგებეშნიკური მეთოდით მოქმედება, როგორც იციან იქ, რუსულ ციხეებში. ეს არ გამოვა“, — ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.
შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის აპარატის ექიმის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ასაჯაროებს.