“მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ” – კაია კალასი და მარტა კოსი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსი განცხადებას ავრცელებენ.
ევროპელი ლიდერები ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და დაუყოვნებლივ გაათავსიუფლონ უკანონოდ დაკავებულები.
განცხადებაში ასევე საუბარია “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელის პატიმრობაზე და ნათქვამია, რომ მოშიმშილე მზია ამაღლობელი “ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა”.
“გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას. ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო ს შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას.” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ