,,მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, როგორც სახელმწიფო სისტემით სარგებლობა, ასევე კერძო დაფინანსებით, რათა საუკეთესო სერვისები შეიძინონ და ყველაფერზე ჰქონდეთ წვდომა”- დევი ხეჩინაშვილი DRG სისტემაზე

,,მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, როგორც სახელმწიფო სისტემით სარგებლობა, ასევე კერძო დაფინანსებით, რათა საუკეთესო სერვისები შეიძინონ და ყველაფერზე ჰქონდეთ წვდომა”- დევი ხეჩინაშვილი DRG სისტემაზე
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა.
ჯანდაცვის სექტორი DRG სისტემით დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვს, ასევე იმ წესის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, თუ მოქალაქე კერძო დაზღვევას შეიძენს, მას საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა ეზუდება.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ქვეყანაში მოქმედი DRG სისტემა, რომელიც მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებულ სერვისებს მოიცავს, კერძო დაზღვევის შეძენის შემთხვევაში ადამიანებს სახელმწიფო დაფინანსებულ სერვისებზე წვდომას უკარგავს.
მისივე განცხადებით, მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ერთდროულად ისარგებლონ როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებით, ასევე კერძო დაზღვევით, რათა საუკეთესო სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა.
„DRG სისტემა, რომელიც საქართველოში დღეს მოქმედებს მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით დაფინანსებულ სერვისებზე ვრცელდება.
ზოგადად, იმ ქვეყნებში, სადაც DRG ათობით წელია არსებობს სულ რაღაც იცვლება, ეს უწყვეტი პროცესია.
დაფინანსების თვალსაზრისით ნამდვილად პრობლემურია, რომ ადამიანები, რომლებიც არც ღარიბები არიან, არც პენსიონერები და ბავშვები კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს თუ დაზღვევას იყიდიან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომაა, რომელიც ადამიანებს წინასწარ დაფინანსებულ სერვისებზე წვდომას უზღუდავს.
ადამიანს, რომელიც დღეს დოვლათს ქმნის, უწევს არჩევანის გაკეთება დაზღვევასა და სახელმწიფო პროგრამას შორის და კარგავს სახელმწიფო დაფინანსებას, თუ გაბედა და შეიძინა კერძო დაზღვევა თუნდაც იმის შესავსებად, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს, ეს შეცდომაა, რომელიც აუცილებლად უნდა გასწორდეს.
ადამიანებს უნდა შეეძლოთ როგორც სახელმწიფო სისტემით სარგებლობა, ასევე კერძო დაფინანსებით, რათა საუკეთესო სერვისები შეიძინონ და ყველაფერზე ჰქონდეთ წვდომა“,- აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.