პროევროპული აქციების მონაწილეები, დათა ქაშიაშვილი და სოფო მარკოზია წერენ, რომ “გზის გადაკეტვის” საფუძვლით სასამართლოში დაიბარეს. შსს ორივე მათგანს ედავება სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენას 7 თებერვალს, შაბათის მარშის დროს.
“დღეს მივიღე ზარი სასამართლოდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ და მედავებიან, რომ 7 თებერვალს მე ვკეტავდი გზას. ეს იყო შაბათის მარში – სავსე იყო გზა, სავსე იყო ტროტუარი. შესაბამისად, უბრალოდ, ფიზიკურად შესაძლებლობა არ იყო, რომ თავის დროზე გადავსულიყავით აქციის ყველა მონაწილე გზიდან.
ასევე, თუ შსს მოიტანს მთლიან [ვიდეო] მტკიცებულებას, სადაც კარგად ჩანს, რომ როდესაც ტროტუარზე ადგილი გამოჩნდა, მე გადავედი გზიდა. მეტიც, ხალხსაც მოვუწოდებდი, რომ გადასულიყვნენ. პროცესი ჩამენიშნა 18 მარტს. ვნახოთ, გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”, – ამბობს ნეტგაზეთთან დათა ქაშიაშვილი.
“ცოტა ხნის წინ დამირეკა ქოჩქიანის სხდომის მდივანმა და სასამართლო ჩამენიშნა 7 თებერვალს, გზის გადაკეტვაზე. უცნაურია, პირველად ვიცი წინასწარ, რომ სასამართლო მექნება და წინა კარიდან შევალ”, – წერს მარკოზია სოციალურ ქსელში.
ორივე მათგანის სასამართლო სხდომა 18 მარტს არის დანიშნული.
დღეს, 10 იანვარს, “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მუსიკოს გიორგი ბულიას. ოღონდ, ბულიას შსს ედავებოდა გზის გადაკეტვას არა მანქანების სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, პარლამენტის წინ.




