მოუსმინე ენერგეტიკოსს – „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალი კამპანია – „ჩვენი მიზანია ეს ყველა მოქალაქემ იცოდეს!“

ყველა პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ იცის, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია როგორც ადამიანებისათვის, ასევე იმ გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად, ადამიანების ინფორმირება უსაფრთხოების წესებზე, უპირველესია.
ელექტროენერგიის გაყვანილობასთან ხუმრობა რომ არ შეიძლება, ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, ოღონდ, ყველამ არ იცის, რა წესები უნდა დაიცვას საიმისოდ, რომ მისი და მისი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. ისევე, როგორც ყველამ არ იცის, რომ ბავშვებისა და მოზარდების ინფორმირება ამ კუთხით, აუცილებელია, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია წამით მაინც არ მოაცილო მშობელმა თვალი. ყოველთვის ვერ მოახერხო იქნებ და ვერ გაჰყვე სანახავად, ხომ ნამდვილად წყლის იმ ნაწილში ცურავს, ან თევზაობს, რომლის სიახლოვესაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არის და უსაფრთხოა. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი–ს არ გახსენებ, ასი ბევრია, დამღლელია და ვერავინ ასრულებს, მაგრამ სანამ დასვენებას გადაწყვეტ, მიიხედ–მოიხედე, ნახე გამაფრთხილებელი ნიშნები და გაიხსენე, რჩევები, რომლებსაც ენერგეტიკოსები გვაძლევენ. ეცადე, შვილებსაც ჩვევად გაუხადო, უსაფრთხოების წესების დაცვა.
სოციალურ ქსელში ენერგო–პრო ჯორჯიას ენერგეტიკოსები რამდენიმეწამიანი ვიდეოებით მარტივი და გასაგები ენით გვიყვებიან, რა უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოებისთვის. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ენერგო–პრო ჯორჯია უსაფრთხოების წესებს უხსნის და აფრთხილებს მოქალაქეებს, არაერთი კამპანია აქვს დაგეგმილი და შესრულებული უკვე, მათ შორის, სკოლებში, მოზარდებთან. „მოუსმინე ენერგეტიკოსს“ კომპანიის ახალი კამპანიაა, რომელმაც მოიცვა როგორც სოციალური ქსელი, ასევე ტელევიზიები და ონლაინ პლატფორმები.
როგორ უნდა მოიქცე ენერგოინფრასტრუქტურის სიახლოვეს?
პირველ რიგში, უნდა იცოდე, რა არის ენერგოინფრასტრუქტურა: ელექტროგადამცემი ხაზები, მრიცხველის კარადა, სატრანსფორმატორო პუნქტები.
ელექტროგადამცემ ხაზებს რომ არ უნდა შეეხო, იმედია, ყველამ ვიცით, მაგრამ ყველამ ვიცით კი, რომ თუ გვსურს არაგაბარიტული ტვირთვის გატარება, წინასწარ უნდა მივმართოთ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ კომპანიას?
სამწუხაროდ, ჯერ ისევაა შემთხვევები, როცა სატრანსფორმატორო პუნქტებში ცდილობენ შეღწევას, ზოგი – ნაძლევზე, ზოგი – გასართობად, ზოგი – ცნობისმოყვარეობისთვის, ზოგი – თვლის, რომ თამაშობს, არადა, ელექტროენერგიასთან თამაში ცეცხლთან თამაშზე უარესია, წამიც საკმარისია ერთი შეცდომის დასაშვებად.
კიდევ უფრო ხშირია, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მრიცხველის კარადის გაღებაში არაფერია პრობლემა, არადა, რამდენიმე წამიც რომ დაფიქრდე, მივხვდები, რომ სადაც მრიცხველია, იქ დენგამტარი ნაწილებიცაა.
http://
ახლა, როცა ამას კითხულობ, ალბათ, ფიქრობ: – ეს ხომ ისედაც ვიცოდი? ასეა, ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ რთულად დასაცავი. თუ მრიცხველის კარადის გახსნამდე, თევზაობამდე ვინმე გკითხავს – თუ იცი, რა მოხდება, თუ დენგამტარ ნაწილებთან გექნება შეხება? – დაფიქრდები და უკან დაიხევ, მაგრამ უმეტესად, ყოველდღიურ ცხოვრებაში საფრთხეზე არ ვფიქრობთ და არც უნდა ვიფიქროთ, უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების წესების დაცვაზე უნდა ვიფიქროთ. როგორც ბებიაჩემი მეტყოდა გამრავლების ტაბულაზე, რომ გაგაღვიძონ, ახალგაღვიძებულმაც უნდა ჩამოარაკრაკოო. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოუსმინე ენერგეტიკოსებს ოჯახის წევრებთან ერთად და გაუზიარე მათი ცოდნა და გაფრთხილება მეგობრებს, მეზობლებს და მტრებსაც კი, გახსოვდეს, უსაფრთხოების წესების დარღვევით, ზოგჯერ, მხოლოდ დამრღვევი როდი ზარალდება.
ენერგო–პრო ჯორჯია წლებია ცდილობს უსაფრთხოების წესების შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალი კამპანიაც სწორედ ამისი ნაწილია.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი ალიასთან ამბობს, მათი მიზანია, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს ენერგოინფრასტრუქტურის სიახლოვეს, როგორც დაიცვას საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოება და როგორ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში.