„მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” – რა მოხდა ბათუმის მე-18 სკოლაში
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლის დამლაგებელი მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო.
მათი ცნობით, მოსწავლეებმა მშვიდობიან გარემოში დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ გადაადგილებაში ხელი შეუშალა, ერთ-ერთს კი დაარტყა.
“დღეს, 3 დეკემბერს, მე-18 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო მშვიდობიან გარემოში. პირველი გაკვეთილის დაწყებამდე, 8:45 წუთზე მოსწავლეთა თვითმმართველობამ, სკოლის ფოიეში, საქართველოს ჰიმნისა და დროშების ფონზე მოაწყო მცირე პერფორმანსი, დააფიქსირა თავისი პოზიცია. პერფორმანსის შემდეგ სასკოლო ოთახებში დაბრუნებისას, მე-4 სართულზე დამლაგებელმა ე. ს. -მ წინააღმდეგობა გაუწია მოსწავლეებს გადაადგილებაში, რა დროსაც ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს. ჩვენ ვგმობთ მოსწავლეზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას! დამლაგებელ ე. ს.-ს მიმართ მიღებულ იქნება კანონის შესაბამისი ზომა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ძალადობის შესახებ ვიდეო ადგილობრივმა TV25-მა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი მოსწავლეებს გზაზე ეღობება, ხელით ეხება და ნივთებს ართმევს. (მთავარი არხი)