მოსწავლეების 89.5% საჯარო სკოლაში სწავლობს, 10.5% – კერძოში — სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 296 სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. საქსტატის ცნობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.
სტატისტიკის თანახმად, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საქსტატი აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი.
რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე საქსტატის ცნობით, 35.5% თბილისში სწავლობს.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. უწყების ცნობით, მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.