ბოლო 32 წლის განმავლობაში მოსკოვიდან სოხუმში პირველად შესრულდა რეგულარული სამოქალაქო ავიარეისი.
ვნუკოვოს აეროპორტიდან ავიაკომპანია UVT aero-ს თვითმფრინავს დე-ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო დახვდნენ. UVT aero ერთ-ერთია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორის.
მოსკოვიდან პირველ რეგულარულ რეისს წინ უსწრებდა საცდელი ფრენა და ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის გახსნის ცერემონიალი – ეს შენობა აფხაზეთის პირველი დე-ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სახელი აქვს მინიჭებული.
საქართველოს საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია რუსეთში ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარული სამოქალაქო ფრენების განახლების გამო.
სოხუმში რუსული სამოქალაქო თვითმფრინავის დაშვების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს.
“რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1-ელ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია” – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
დღესვე, ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან თქვა, რომ სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ფრენების აღდგენა “საქართველოსთვის მიუღებელია.”
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლება იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ საპასუხო ზომების მიღებას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ დაფრინავენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, უპასუხა, რომ “კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ იოპერირებენ”.
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.
ფორუმი
