“მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა არ გაზრდილა” – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

საქართველოში დარეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თვიურად საშუალოდ, 8.1 ათასით იზრდება. აღნიშნული მაჩვენებელი მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაკვირვებამ გამოკვეთა. თუმცა, როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ეს არა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდით, არამედ ბაზრის პროფიციტულობით აიხსნება.
ალექსი ნონიაძის განმარტებით, 2023 წელს საქართველოში 60 000 ავტომობილით მეტი შემოვიდა, რომელიც სრულად ვერ გაიყიდა, შესაბამისად, ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟება უწევთ.
„მოგეხსენებათ, 2023 წელს ჩვენ გვქონდა ჭარბი მიწდება ბაზარზე, 60 000 ავტომობილით მეტი შემოვიდა. ამან გამოიწვია პროფიციტული ბაზარი. მოთხოვნა რომ მცირე იყო, ამან ფასები დაწია. დილერები ვერ ყიდდნენ ავტომობილებს, რადგან თვითღირებულებზე ნაკლებ ფასად არ უღირდათ, ეს მნიშვნელოვანი ზარალია. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია გაიზარდა. ეს იმით არ არის გამოწვეული, რომ ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა გაიზარდა და მეტი ავტომობილის ყიდვა დაიწყეს. შიდა ბაზრის გაყიდვების მოცულობა კი არ გაიზარდა, არამედ, ეს იმ დილერების ხარჯზე მოხდა, ვინც ვერ ყიდდა და განბაჟება მოუწიათ ადგილზე“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ამ დროისთვის 1 892 863 ავტომობილია რეგისტრირებული. ამასთან, 1 662 216 პირს აქვს მართვის მოწმობა.