“ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გამართული მსვლელობის შემდეგ, პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა მრევლს მიმართა და აბორტის შესახებ იქადაგა.
მოსაყდროს განცხადებით, “აბორტი დიდი ცოდვაა”, რომლის წინააღმდეგაც დროა, სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღოს, რათა ეს ყველაფერი შეჩერდეს:
“ჩვენი ხალხის რაოდენობა, 5 მილიონიდან შემცირდა 3.7 მილიონამდე და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, რიცხვი ასეთია, საშუალოდ გამოყვანილი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22 000 დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამმაგი და ოთხმაგიც არის.
“წელიწადში დაახლოებით 40-დან 50-ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება დაახლოებით, რა რიცხვს ვიღებთ ჩვენ 10 და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში, ყოველ წელს დაახლოებით მიმდინარეობს 50-ათასით.
ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში და ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი ქვეყანა, არ იღებს ზომებს ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი არ უწერია. ჩვენ ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე და ჩნდება ეს კითხვები ვართ კი ბრძოლისუნარიანები
[…]
ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში.” – განაცხადა შიო მუჯირმა.
მოსაყდრე შიომ ირიბად ქართული ოცნების ხელსიუფლების წარმოამდგენლებსაც მიმართა და გამოსავლის გზები დასახა – პირველ სკოლებში ეტაპზე საინფორმაციო კამპანიის წარმოება, შემდეგ ეტაპზე კი “საკანონმდებლო დონეზე გამკაცრება და დარეგულირება”.
“რა არის გამოსავალი ამისი, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი არის ადამიანი, რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია.
ამ მხრივ ბევრი კარგი გამოცდილებაა მოწინავე ქვეყნებში, აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას.
აშშ-ში 10 შტატია სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ალბათ დადგა დრო, რომ ჩვენ ვიფიქროთ ამაზე, ვიფიქროთ ამ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე სკოლებში. არის ასეთი პრაქტიკები, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და ესაუბრებიან თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს, ეს აუცილებელია. სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიაც მზადაა ჩართული იყოს და დაეხმაროს ჩვენ ხალხს ამ გამოწვევის დაძლევაში”. – თქვა მოსაყდრემ.
დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საპატრიარქომ 17 მაისი “ოჯახის სიწმინდის დღედ”, სწორედ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ 2014 წელს გამოაცხადა.
წყარო: tabula.ge
