17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, – როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავს, – საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა აბორტებზე ისაუბრა და კანონმდებობის „გამკაცრების“ ინიციატივა წამოაყენა.
ქაშვეთის ეკლესიიდან სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მისვლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, – როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე გვერდით ედგა, – მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა შეაქო „ქართული ოცნება“ განაცხადა:
„ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებეიბსა დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი ნაბიჯები გადადგა“, – ასე შეაფასა მან „გენდერული იდენტობის“ ცნების ამოღება საქართველოს კანონმდებლობიდან და შემზღუდავი კანონი, რომელიც „პროპაგანდას“ კრძალავს.
„მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება“, – თქვა მიტროპოლიტმა შიომ, რის შემდეგაც ახსენა „აბორტების საგანგაშო მდგომარეობა“, აბორტს „ცოდვა“ უწოდა და აბორტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების „საჭიროებაზე“ ისაუბრა.
· „ჩასახული ემბრიონი არის ადამიანი და ადამიანის მოკვლა არ შეიძლება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
· „არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში გოგოებთან და უტარებენ ასეთ საუბრებს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს“, – თქვა მან და დასძინა:
· „და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს“.
ამ დროს მიტროპოლიტი შიოს გვერდით მდგარი ირაკლი კობახიძე თავს აქნევდა.
2024 წლის აპრილში, როდესაც „ქართული ოცნება“ „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხოდ განიხილავდა, მოქალაქის კითხვაზე აბორტის აკრალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც ჩვენ წელს ვაპირებთ ვიმსჯელოთ და რაღაცა შედეგამდე მივალთ“.
· „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებაში ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ცვლილებები 2023 წლის ნოემბერში შეიტანა.
· ბრძანების შედეგად საქართველოში აბორტის გაკეთების წესი გართულდა.
· აბორტის უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს შორისაა. ადამიანის უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ სხეულზე, იყოლიოს თუ არა შვილი, რამდენი და რა ინტერვალით, სწორედ ამ უფლების მთავარი ელემენტია.
ფორუმი
