მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. რატომღაც, ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, ჩემს ე.წ. განაჩენსა და სინამდვილეში სასამართლო მკვლელობასა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის, სადამდე უნდა ვიყოთ ასე მიამიტები?“ – წერს სააკაშვილი.
გიორგი ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარსადგენად შეარჩია.
ხუთ აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტს ხელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აწერს.
რამდენიმე კვირის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის საქმე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს დაეწერა, რომელმაც ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცნობისთბის, მიხეილ ჯინჯოლია იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის განმხილველი მოსამართლე – მიუსაჯა 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯინჯოლიამ გაასამართლა უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი.
მან ასევე განიხილა „ვაკის პარკის საქმეზე“ დაკავებული 9 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ცხრავეს.
უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება, მათგან 26 უვადო მოსამართლეა.
